Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: ერთი სასულიერო პირი, როგორ არ გამოჩნდა, რომ [სააკაშვილთან] მივიდეს


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა „მთავარი არხის“ ეთერში ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ. ის სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მოქმედებაზე საუბრობს.

„სად არის სამღვდელოება? ადამიანი შიმშილობს, ხალხნო! ერთი სასულიერო პირი, როგორ არ გამოჩნდა, რომ მივიდეს. რამ შეგაშინათ?" - აცხადებს გიგი უგულავა.

მიხეილ სააკაშვილმა 4 ოქტომბერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს მისი და მის საქმეზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებამდე.

„როგორც იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა, მინდა, ასევე იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ შიმშილობას არცერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც. ვიცი რაზე მივდივარ. არ მსურდა გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე“, - ვკითხულობთ სააკაშვილის წერილში.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG