საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სექტემბერში ქუთაისის აეროპორტში პანდემიამდე, 2019 წელს არსებული ფრენების 64 პროცენტი აღდგენილია. თუკი ორი წლის წინ აეროპორტი 302 რეისს ემსახურებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 192-ია.
ამ მოცემულობით, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი აღდგენილია 48 პროცენტით. 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43 926 მგზავრს მოემსახურა, 2019 სექტემბერში კი - 91 713-ს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 20 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ყაზახეთის 4 და ევროპის 15 მიმართულებით.
"31 ოქტომბრიდან კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით აღადგენს პირდაპირ ფრენებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი მიმართულება, რომლითაც საქართველო ესპანეთის სამეფოს დაუკავშირდება", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება.
დაწერეთ კომენტარი