გროზნოში გაიმართა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინაუგურაცია. რუკაზე, რომლის ფონზეც ჩაიარა ცერემონიამ, შეიმჩნეოდა რამდენიმე შეცდომა, რასაც სოცქსელების მომხმარებლებმა და ჟურნალისტებმა მიაქციეს ყურადღება.
მაგალითად, რუკიდან გაუჩინარდნენ საქართველო და უნგრეთი, კასპიისა და შავი ზღვის აკვატორია კი „დაშრა“ - ისინი ხმელეთად იყო გამოსახული.
რუკაზე რუსეთი მწვანე ფერით იყო გამოყოფილი, მაგრამ მის საზღვრებში არ აღმოჩნდა კუნძული სახალინი, რომელიც, როგორც ჩანს, იაპონიას „გადაეცა“.
უკრაინას რუსეთმა „დაუბრუნა“ ანექსირებული ყირიმი. უკრაინის ნაწილი კიევის რაიონში მწვანე ფერით იყო აღნიშნული.
როგორც ჩეჩნეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები იტყობინებიან, ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა „უნიკალურ სადღესასწაულო დარბაზში, საიდანაც ტრანსლაცია ჯერჯერობით არცერთ გადაცემაში არ მომხდარა“. გროზნოსა და კრემლში კომენტარს არ აკეთებენ კადიროვის რეზიდენციის ახალ დარბაზში განთავსებული რუკის თაობაზე.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკას 2007 წელს ჩაუდგა სათავეში და უკვე ზედიზედ მეოთხე ვადით უკავია ხელმძღვანელი თანამდებობა. ის ორჯერ დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის მიერ და ორჯერ იქნა არჩეული. ამ დროის განმავლობაში უფლებადამცველები რუსეთში, აშშ-სა და ევროკავშირში არაერთხელ აღნიშნავდნენ რეგიონში ადამიანის უფლებების კატასტროფულ ვითარებას. გაჩნდა ცნობები ჩეჩნეთში გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯის შემთხვევებზე და ლგბტ ადამიანების დევნის შესახებ. კადიროვი და მისი გარემოცვა უარყოფენ ამ ბრალდებებს.
რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების ცერემონია „დაემთხვა“ ქალაქ გროზნოს დღის ზეიმს, რომელიც 2007 წლიდან კადიროვის დაბადების დღეს ემთხვევა.