Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო პრეზიდენტ მილოშ ზემანის ავადმყოფობის ფონზე


მილოშ ზემანი (მარჯვნივ) და ანდრეი ბაბიში
მილოშ ზემანი (მარჯვნივ) და ანდრეი ბაბიში

ჩეხეთში პარასკევს დაიწყო და შაბათამდე გასტანს საპარლამენტო არჩევნები, იმ ფონზე, როდესაც კვლავ ვრცელდება ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

ჩეხეთის პრეზიდენტი ავადმყოფობის გამო მთელი თვე არ გამოჩენილა საჯარო ღონისძიებებზე.
ოთხშაბათს გავრცელდა ცნობა, რომ მილოშ ზემანი ხმის მისაცემად პრაღის ერთ-ერთ სკოლაში მივიდოდა, მაგრამ მკურნალი ექიმის რეკომენდაციით იგი ხმას თავის რეზიდენციაში გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს.

ჩეხეთის პრეზიდენტი 77 წლისაა, მას რამდენიმე დაავადება აწუხებს, ბოლო ხანს მილოშ ზემანი ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.

ზემანი არ მალავს, რომ არჩევნებში მხარს უჭერს მოქმედ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშსა და მის პარტია „ანოს“. წინასწარი გამოკითხვებით მას პირველ ადგილზე გასვლის შანსი აქვს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ვერ მოიპოვებს უმრავლესობას. მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიის კონკურენტია ორი პროდასავლური კოალიცია. პარლამენტში, დიდი ალბათობით, მოხვდებიან ასევე ნაციონალისტები და კომუნისტები.

არჩევნების წინ ოპოზიცია კორუფციის გამო მძაფრად აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს, ქვეყნის უმსხვილეს ბიზნესმენსა და მედიამაგნატს, რომლის საქმე ძიებაში იმყოფება თავისი ფირმისათვის ევროპული დოტაციის უკანონოდ მიღების გამო.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის სახელი ფიგურირებს ასევე ცოტა ხნის წინ „პანდორას არქივის“ გავრცელებულ დოკუმენტებში. ანდრეი ბაბიში ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ოპონენტები ცდილობენ, ქვეყანას დააკარგვინონ სუვერენიტეტი და იგი ბრიუსელზე დამოკიდებული გახადონ.

XS
SM
MD
LG