Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ძებნა გამოაცხადა


ცხინვალი, დე ფაქტო მთავრობის ადმინისტრაცია.
ცხინვალი, დე ფაქტო მთავრობის ადმინისტრაცია.

სისხლის სამართლის საქმეები აღძრა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსის, ოლეგ გაგლოევის და ამავე აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების მოქმედი უფროსის, ლანდა აბაევას წინააღმდეგ. ამის შესახებ ცხინვალელ ჟურნალისტებს დე ფაქტო გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

„2021 წლის 15 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსის ოლეგ გაგლოევისა და ბუღალტერიისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსის ლანდა აბაევას წინააღმდეგ. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 285.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების საფუძველზე, რაც დიდი რაოდენობით საბიუჯეტო ფინანსების მითვისებას გულისხმობს. საუბარია 4,830,094 რუბლის დატაცებაზე", - ნათქვამია პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიული ღონისძიებები მომხდარის გარემოებების დასადგენად. აქამდე, გამომძიებლის მიერ არაერთი გამოძახებისა, ოლეგ გაგლოევი არ გამოცხადებულა პროკურატურაში, რის გამოც მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალჩინოსნების მიერ საბიუჯეტო თანხების მითვისება და გაფლანგვა ოკუპირებული რეგიონის ფინანსური სკანდალის კიდევ ერთი ეპიზოდია, რომელიც რუსეთის კონტროლის პალატამ საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოწმების შემდეგ აღმოაჩინა.

ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ თანხების მითვისების ამბავს სოციალურ ქსელებში ცხინვალელები აქტიურად განიხილავენ. სამოქალაქო აქტივისტების ცნობით დე ფაქტო მთავრობის აპარატის თანამშრომლები აფორმებდნენ ყალბ მივლინებებს და ითვისებდნენ თანხებს, გარდა ამისა სამსახურებში აწყობდნენ თავის ნათესავებს და აქედანაც ფინანსურ სარგებელს იღებდნენ. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ფინანსური სკანდალის გამო მთავრობის კიდევ არაერთი წევრის სახელი და გვარი ამოტივტივდება.

XS
SM
MD
LG