Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გლოვის დღეა - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 ოქტომბერს


რა ხდებოდა, სანამ ბათუმში სახლი ჩამოინგრეოდა და რა იქნება ახლა?

ორშაბათი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელ ქვეყანაში დაეშვება სახელმწიფო დროშები. საქართველო 13 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილ 9 ადამიანს, მათ შორის სამ ბავშვს გლოვობს.

გუშინ პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პირველი სართულის მფლობელმა ზაურ ბუდაგოვმა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ორ ბინაში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესასრულებლად მიმართა დანარჩენ ბრალდებულებს, რაც ბინებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა.

ბუდაგოვმა ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა.

8 სექტემბერს, როცა კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა, რეესტრიდან ანზორ ბუდაგოვმა უარი მიიღო. ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად მცხოვრებთა მონაყოლით ირკვევა, რომ 13 ნომერში სარემონტო სამუშაოები ჩამონგრევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყო.

რა ხდებოდა 26 მაისის ქუჩაზე, სანამ შვიდი სართული ჩამოინგრეოდა? წაიკითხე ვრცლად ანი ბურდულისა და ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დარღვევები, შეცდომები, აგრესია - 8 საარჩევნო სარჩელის ამბავი

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხმის დათვლის და შეჯამების პროცესის შესახებ საერთო ჯამში დაიწერა 1 702 საჩივარი, მათგან 825 შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვს. გადათვლის მოთხოვნას საარჩევნო კომისიები რთულად და იშვიათად აკმაყოფილებენ.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაწერილი საჩივრების უმრავლესობა - 1141 საჩივარი, პოლიტიკურ სუბიექტებს ეკუთვნით, 561 სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მმართველმა პარტიამაც დაწერა მხოლოდ ორი საჩივარი - ორივე ოქმი დისბალანსის პრობლემას ეხება.

საჩივრების უმეტესობაში მითითებული დარღვევების ანალიზიდან ჩანს, რომ უბნების დიდ ნაწილზე პრობლემა იყო არჩევნების ადმინისტრირებაში ჩართულთა პოლიტიკური განწყობები, დაბალი კვალიფიკაცია და სურვილი, პროცესთან წვდომა არ მიეცათ მათთვის, ვისაც შეეძლო დარღვევის დაფიქსირება ან მითითება, კომისიის წევრები და უბანზე მყოფი ადამიანები კანონის შესაბამისად მოქცეულიყვნენ.

დარღვევებისა და შეცდომების შესახებ წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა, ზურაბ დათუნაშვილმა (87კგ), რომელმაც ტურნირის ფინალში ბელარუს კირილ მასკევიჩს სძლია.

ზურაბ დათუნაშვილმა პირველ დაპირისპირებაში რუსი სპორტსმენი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ქართველ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს (82კგ-ში) ლაშა გობაძეს მოუგო, ხოლო ფინალში გავიდა დანიელი მოჭიდავის დამარცხების შემდეგ.

საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, კარიერის სერბეთში გაეგრძელების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა.

წაიკითხე მეტი.

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ასეთ დასკვნამდე ექიმი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მივიდა, რომელიც რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება "ტალასემია", რომლის დროსაც შიმშილი არ შეიძლება.

"გაუარესება გამოიწვია, რასაკვირველია, შიმშილობამ. წვენის და თაფლის ამბავზე მოგახსენებთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია ეს წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, რომ თითქოს 8 კილოგრამი თაფლი მიიღო და ლამის წვენების ქარხანა გახსნა, უარი თქვა ყველაფერზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან. მიშას აქვს სისხლის დაავადება "ტალასემია". მე არასდროს არ მითქვამს ეს, მაგრამ დღეს მომცა ამის უფლება, რომ მეთქვა. ეს არ არის სასიკვდილო, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილი. ამ დაავადების დროს არ შეიძლება შიმშილი. ეს იცოდა მაგან ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

10 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30,5%-ია სრულად ვაქცინირებული. 9 ოქტომბერს აიცრა 6 964 ადამიანი, რაც ბოლო დროის კლებადი ტენდენციას განაგრძობს.

მსოფლიოში კი ვაქცინაციის მეტ-ნაკლებად სწრაფი ტემპის მიუხედავად ჯერ არ არსებობს ნიშნები, რომ პანდემია მალე დასრულდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო მალე გაივლის პანდემიასთან ბრძოლის გზის 60%-ს, თუმცა წინ კიდევ შეიძლება იყოს მოულოდნელი ბარიერები. მოსალოდნელია ვირუსის კიდევ სხვა, ახალი ვარიანტების გამოჩენაც.

კორონავირუსის შესახებ სიახლეებს თვალი ადევნე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: „განვიხილეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისა და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის.

„სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

წაიკითხე მეტი.

როდის შეიტყო ხელისუფლებამ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის ფაქტი - რა წერია საქმეში?

მიხეილ სააკაშვილისა და მის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ირწმუნება, რომ პირველ ოქტომბრამდე, ანუ ფეისბუკზე სააკაშვილის ვიდეოების გავრცელებამდე, გამოძიებამ არაფერი იცოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლისა და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.

ბექა ბასილაიას თქმით, ამას ადასტურებს ელგუჯა ცომაიას საქმის მასალებში არსებული პატაკებისა და გამოკითხვის ოქმები. ამ დოკუმენტების თანახმად, გამოძიება დაწყებულია პირველ ოქტომბერს და დაწყებულია არა საზღვრის უკანონო კვეთის, მიგრანტის შემოყვანისა თუ დანაშაულის, არამედ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ელგუჯა ცომაიას საქმის მასალებში დევს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომელიც პირველი ოქტომბრით თარიღდება და სადაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს გამომძიებელი, ეკატერინე მთივლიშვილი დანაშაულის გარემოებად და ელგუჯა ცომაიას მიმართ გამოძიების დაწყების საფუძვლად აცხადებს არა მძიმე დანაშაულის დაფარვის სავარაუდო ფაქტს, არამედ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტს.

ბექა ბასილაია ამბობს, რომ საქმის მასალებში არსებული დოკუმენტები აბათილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, „დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით“. წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

„თავისუფლების მონიტორის“ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩვენ მოგიყვებით „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენებსა და მათს საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკას მილიონობით ზარალს აყენებს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG