Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენლები თალიბებს შეხვდნენ


ფოტო არქივიდან: თალიბანის წარმომადგენლები დოჰაში, ავღანეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრაზე. 2020 წლის სექტემბერი
ფოტო არქივიდან: თალიბანის წარმომადგენლები დოჰაში, ავღანეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრაზე. 2020 წლის სექტემბერი

აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდა რადიკალური მოძრაობა თალიბანის მაღალჩინოსნებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის ინფორმაციით, 9-10 ოქტომბერს გამართული შეხვედრისას აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების და ტერორიზმის პრობლემებზე, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების და ავღანელი პარტნიორების მიერ ავღანეთის უსაფრთხოდ დატოვების საკითხზე და ადამიანის უფლებებზე, მათ შორის ავღანეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გოგონების და ქალების სრულფასოვან მონაწილეობაზე. პრაისის ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს აშშ-ის მიერ ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხიც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი თალიბებთან დისკუსიას გულახდილს და პროფესიონალურს უწოდებს. ნედ პრაისის ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციამ ისევ გაიმეორა, რომ თალიბანის შეფასება მოხდება არა მხოლოდ მისი სიტყვების, არამედ ქმედებების მიხედვით. პრაისი არ ასახელებს, კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა დოჰაში გამართულ შეხვედრაში.

აშშ-ის ოფიციალური პირები ამ ფორმატით თალიბებს პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც რადიკალურმა მოძრაობამ ავღანეთში ძალაუფლება დაიბრუნა. შეხვედრის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს აშშ-ის მიერ თალიბანის მთავრობის აღიარებას.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ალიანსის სხვა სახელმწიფოებმაც და პარტნიორმა ქვეყნებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG