Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში კორპუსის ნგრევის გამოწვევაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ


ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში კორპუსის ნგრევის გამოწვევაში ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, მათ მიერ წარმოებული სამუშაოების დროს დარღვეული იყო უსაფრთხოების წესები.

8 ოქტომბერს ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 - არასრულწლოვანი.

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"სახლის ნგრევის მიზეზი არ არის გარკვეული და ადამიანის დაკავება, ვიდრე ექსპერტის დასკვნა არ იქნება, არ შეიძლებოდა, მით უფრო ბრალის წაყენება. სასამართლომ თქვა, რომ დასაბუთებულობის სტანდარტის ინფორმაცია, ვინაიდან მოწმეები იძლევიან ჩვენებას, რომ ამ სამუშაოებმა გამოიწვია ნგრევა, საკმარისად მიმაჩნია იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობაო", - უთხრა რადიო თავისუფლებას ბრალდებულების ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

სასამართლოს შენობიდან გამოყვანილმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე ჟურნალისტებთან რამდენიმე სიტყვი თქმა მოასწრო: "არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს".

ბრალდების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა #13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა.

„2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG