Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ მიულოცა 1 ოქტომბერს ივანიშვილს ბიძინაობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ბიძინობასთან" დაკავშირებით მდარე ხარისხის განცხადებები მოისმინა და დღეს, 11 ოქტომბერს განმარტავს მიზეზს, რა კონტექსტში ახსენა ეს დღესასწაული.

"იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, უხერხულიც კი არის, მოსახლეობისთვის ამ თემაზე გავაკეთო განმარტება, მაგრამ ვინაიდან არაერთგზის შეეხნენ ამ თემას, მინდა კიდევ ერთხელ განმარტება და მოსახლეობას კი არა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა, ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე ვახსენე მე აღნიშნული თარიღი და ბიძინობა, ასე ვთქვათ, სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1 ოქტომბერს, როცა მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და პრემიერმა ღარიბაშვილმა მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ აუწყა, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად თქვა, რომ იმ დღეს ბიძინაობა იყო და მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიულოცა.

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1 ოქტომბერი. ცხრა წელი გავიდა 1 ოქტომბრის გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა.

ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1 ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას", - თქვა მაშინ ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG