ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შემცირებული ვაქცინაციის ფონზეც კი, კოვიდინფიცირების დღევანდელი ნახტომისებურად გაზრდილი მაჩვენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
ამის შესახებ, მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„დღევანდელი მაჩვენებლები არის ძალიან საყურადღებო, ჩვენ ამას შევისწავლით განსაკუთრებით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი, თუნდაც სამშაბათის ციფრების დაგროვებიდან გამომდინარეც კი - მაინც მაღალი მატებაა. ამას დამატებით მოკვლევა მოჰყვება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, რაიმე შეზღუდვის შემოღება დაგეგმილი არ არის, „მთავარია მერყეობის ეფექტური მართვა“.
„ჩვენ ჯერ მეოთხე ტალღიდანაც ვერ გამოვედით, ამას მეხუთე ტალღას ვერც დავარქმევთ, არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და, რაც მთავარია, ისევ მაქსიმალურად ვაქცინაციის პროცესს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძალიან მაღალია კოვიდით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელიც.
„დღეს 37 გარდაცვლილია. ჩვენთვის დაწესებული შიდა ზღურბლით, დაახლოებით, არის 9 გარდაცვლილი მილიონ მოსახლეზე, ანუ, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 29 გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, არავითარი დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. დაახლოებით, 18 სექტემბრიდან, თანდათანობით, და განსაკუთრებით ოქტომბერში, მცირდება ყოველდღიურ აცრათა მაჩვენებელი. თუ აცრის მაჩვენებლის გაზრდას ვერ მოვახერხებთ, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში ჩატარებული 47 723 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4775 შემთხვევა. ეს აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი.
როგორც წესი, შაბათ-კვირის შემდეგ ტესტირების მაჩვენებელი იმატებს და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ამას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „სამშაბათის სინდრომს“ უწოდებენ. თუმცა, წინა სამშაბათთან შედარებით მატება დაახლოებით 2000-ია. უკვე ერთი კვირაა საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციაა და ახალი შემთხვევების შედარებით კლების შემდეგ, დღემდე ყოველდღიურად აღირიცხებოდა 2200-ზე მეტი ახალი შემთხვევა.
საქართველოში სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი ჯერ მხოლოდ 31%-ს უახლოვდება.
11 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 6 817 ადამიანი. ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-საც ვერ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. განსაკუთრებით შემცირებულია პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 882 118 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.3%. სრულად ვაქცინირებულია 879 630 - მოზრდილი მოსახლეობის 30.8%.
პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, 60% საკმარისი აღარ არის და ეპიდემიის შესაჩერებლად საჭიროა, რომ ვაქცინირებული იყოს 80%.
საქართველოში ნებაყოფლობითი, უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.