Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკი დეკემბრამდე დატოვა შინაპატიმრობაში


ვიქტორ მედვედჩუკი სასამართლოს დარბაზში. 12 ოქტომბერი.
ვიქტორ მედვედჩუკი სასამართლოს დარბაზში. 12 ოქტომბერი.

უკრაინის სასამართლომ 12 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, პრორუსული ორიენტაციის კანონმდებელი ვიქტორ მედვედჩუკი დეკემბრამდე დატოვოს შინაპატიმრობაში მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გააფართოვა მის წინააღმდეგ გამოძიება.

პროკურატურა ითხოვდა მედვედჩუკის გადაყვანას შინაპატიმრობიდან წინასწარ პატიმრობაში. მაგრამ კიევის პეჩორსკის საოლქო სასამართლომ არ მიიღო ეს მოთხოვნა და მედვედჩუკი 7 დეკემბრამდე დატოვა შინაპატიმრობაში.

გასულ კვირაში ვიქტორ მედვედჩუკს, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატსა და კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქს, სახელმწიფოს ღალატსა და აღმოსავლეთის ორ პროვინციაში სეპარატისტების მხარდაჭერაში წაუყენეს ბრალი.

მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ „ქვანახშირის პროდუქციის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის“ რეალიზაციაში 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის დასაწყისამდე პერიოდში.

გამოძიება ვარაუდობს, რომ მედვედჩუკის მოქმედებები ძირს უთხრიდა უკრაინის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე შეამოწმებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მედვედჩუკის წინააღმდეგ ახალი საქმის ფარგლებში.

უკრაინა 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ნელი ინტენსივობის ომში, რომელსაც 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მიმდინარე წლის მაისში მედვედჩუკი შინაპატიმრობაში მოათავსეს. სექტემბერში მას შინაპატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივეს.

მედვედჩუკი, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, უმაღლეს რადაში ხელმძღვანელობს ოპოზიციურ პლატფორმას "სიცოცხლისთვის", რომელიც პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა. ის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

XS
SM
MD
LG