საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ განმარტა, რატომ ითხოვს „ლელო“ კოვიდპანდემიის მართვის მიზნით მთავრობასთან არსებული უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის შეცვლას. გადაცემაში ანა ნაცვლიშვილმა მოთხოვნის მთავარ მიზეზად დაასახელა ის, რომ საბჭო და მისი წევრები დაკისრებულ ამოცანებს თავს ვერ ართმევენ:
„ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის 2 წელი შესრულდება, რაც ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა კოვიდის მართვაზე, ამ ამოცანას ვერ ასრულებენ. როცა დაკისრებულ ამოცანას ვერ ართმევ თავს, უნდა აიღო პასუხისმგებლობა და წახვიდე, და მოვიდეს ის, ვინც აიღებს მართვის სადავეებს უფრო ეფექტიანად ხელში. ცხადია, არ მჯერა, რომ ამ ხელისუფლების მთლიანი ცვლილების გარეშე, ჩვენ რადიკალურად შეცვლილ კოვიდის მართვას ვნახავთ, ან სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას ვნახავთ, ან რაიმე სხვას, მაგრამ ეს არის თემა, სამწუხაროდ, სადაც საათობრივად ვკარგავთ ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ამიტომ ეს ვერ დაელოდება ვერც მეორე ტურებს და ვერც ვადამდელ არჩევნებს და ვერც დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს. ამიტომ ვამბობთ, რომ მისი შემადგენლობა სრულიად უნდა შეიცვალოს და გადახალისდეს მნიშვნელოვანწილად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ საბჭო გასაძლიერებელია სამედიცინო სფეროს მართვის გამოცდილების მქონე ადამიანებით და საჭიროა მის შემადგენლობაში ასევე ფართო საზოგადოებრივი წარმომადგენლობის ჩართვა. ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მოსაგვარებელია ასევე საბჭოს მუშაობის გაუმჭვირვალობის პრობლემა, როცა არ არის ცნობილი, როგორ და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილებები:
„საბჭოს მუშაობა არის სრულიად დახურული. მე, როგორც პარლამენტის წევრმა, გამოვითხოვე საბჭოს შეხვედრების ოქმები და ოქმებს არ მაძლევენ იმიტომ, რომ ისინი ბუნებაში არ არსებობს, როგორც ჩანს. დავინტერესდი ამ საკითხით, რა ოქმდება. ხომ წარმოუდგენელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე კოორდინაციის მთავარი ორგანო იკრიბებოდეს და რას საუბრობს ეს ხალხი და რაზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილებები, ეს არ იცის საზოგადოებამ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საბჭოს სხდომების ტრანსლირებაა საჭირო.
„საერთოდ სხდომების ტრანსლაცია რატომ არ უნდა ხდებოდეს? რამე საიდუმლოს განიხილავენ იქ? ასეთის შემთხვევაში, უნდა დაიხუროს კონკრეტული ნაწილი სხდომის“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა „დღის საუბრებში“.
13 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 386 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4837 შემთხვევა. ეს 62-ით მეტია წინა დღეს, სამშაბათს გამოქვეყნებულ მონაცემზე - 4775 ახალ შემთხვევაზე, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი. 1586-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაწერეთ კომენტარი