„კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ საქმის არსებითი განხილვის გაგრძელებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესი ყოველთვის იყო პროცესის განახლება.
„პირველ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კმაყოფილი ვართ ამ ინტენსიური გრაფიკით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნატალია ილიჩოვას პოზიციაც ეს იყო, რომ სწრაფად უნდა მომხდარიყო ამ საქმის დამთავრება, სასამართლოში განხილვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ობიექტურ სასამართლოში ამ საქმეზე ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული, არის გამამართლებელი განაჩენი და ცხადია, ბრალდებულების ინტერესშია პირველ რიგში, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ „საღამოს საუბრებში“. მისი თქმით, სასამართლო სხდომების გრაფიკი ნოემბერში საკმაოდ დატვირთულია, რამდენიმე სხდომა წინასწარ შეთანხმებულია და ახლა ჯერი პროკურატურაზეა, როგორ და რა სიხშირით წარადგენს მოწმეებს. გიორგი მახარაძემ გადაცემაში ყურადღება გაამახვილა საქმის მოსამართლის შეცვლის ფაქტზეც და აღნიშნა, რომ სასამართლოს განმარტების თანახმად, ამის მიზეზი ძველი მოსამართლის სხვა კატეგორიის საქმეების განხილვაზე გადართვა გახდა.
რაც შეეხება წამყვანის კითხვას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „კარტოგრაფების საქმის“ ახლა განახლება ხომ არ აჩენს კითხვებს წინასაარჩევნო კონტექსტზე, მან უპასუხა:
„კითხვები, ეჭვები, ცხადია, წარმოიშობა ბუნებრივად იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნო პერიოდი წინა არჩევნებზე და ამ საქმის როლი საარჩევნო კამპანიაში. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც წინასაარჩევნო კამპანია აეგო მმართველი პარტიის და ამ ნარატივს მისდევდა მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. ამ არჩევნებზე ეს საკითხი წამოჭრილი მე არ შემიმჩნევია და მეორე ტურამდე იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რომ მაინც არ მგონია, რომ მხოლოდ ეს იყოს მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზად, ცხადია, შეიძლება. საპირისპიროს სანამ ვერ დავამტკიცებთ, ყოველთვის იქნება ეს ეჭვი იმ კონტექსტში და მოცემულობაში, სადაც ვცხოვრობთ და როგორც გამოიყენება სისხლის სამართლის საქმეები ზოგადად და მართლმსაჯულების მთელი სისტემა წინასაარჩევნო კამპანიებისთვის. ცხადია, სანამ ამ გარემოში ვართ, ეს კითხვები ყოველთვის გაჩნდება და იარსებებს“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ „საღამოს საუბრებში“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამთვიანი პაუზის შემდეგ 13 ოქტომბერს „კარტოგრაფების საქმის” არსებითი განხილვა შეცვლილი მოსამართლით განახლდა. მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეს უკავშირდება, ამ საქმეს დღეიდან მოსამართლე ნინო ნაჭყებია განიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელახლა დაიკითხება ის ოთხი მოწმე, რომელიც ამ დრომდე გამართულ სხდომებზე დაიკითხნენ. საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული პირველი სხდომა ტექნიკური ხასიათის იყო და მასზე მომდევნო სხდომების თარიღები განისაზღვრა. უახლოესი სხდომა 27 ოქტომბერს ჩაინიშნა, 5 სხდომა გაიმართება ნოემბრის თვეში.
"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დააკავეს. საქმის არსებით განხილვამდე ისინი 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ წინასწარ პატიმრობაში. 20-20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან ისინი 28 იანვარს გათავისუფლდნენ. ეს თანხა მათ მოქალაქეებმა ერთი დღის განმავლობაში შეუგროვეს.
სახელმწიფო ბრალდების მხარე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება, აზერბაიჯანის სასარგებლოდ. არც ივერი მელაშვილი და არც ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.