Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კარტოგრაფების საქმის” განხილვა განახლდა - ამ საქმეზე სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს პროკურორი


ივერი მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მეუღლესთან ერთად, 2021 წლის იანვარი
ივერი მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მეუღლესთან ერთად, 2021 წლის იანვარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამთვიანი პაუზის შემდეგ „კარტოგრაფების საქმის” არსებითი განხილვა შეცვლილი მოსამართლით განახლდა. მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეს უკავშირდება, ამ საქმეს დღეიდან მოსამართლე ნინო ნაჭყებია განიხილავს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელახლა დაიკითხება ის ოთხი მოწმე, რომელიც ამ დრომდე გამართულ სხდომებზე დაიკითხნენ. საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული პირველი სხდომა ტექნიკური ხასიათის იყო და მასზე მომდევნო სხდომების თარიღები განისაზღვრა. უახლოესი სხდომა 27 ოქტომბერს ჩაინიშნა, 5 სხდომა გაიმართება ნოემბრის თვეში.

საქალაქო სასამართლოსთან მედიას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ უთხრა, რომ არ არის გამორიცხული, ამ საქმეზე დაიკითხოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეა ბრალდებული და სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის.

ბრალდებული ივერი მელაშვილი და ადვოკატები კი ამ საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობაზე აკეთებდნენ აქცენტს.

„წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ეს საქმე რომ აღიძრა და დაგვაკავეს და ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია, შესაბამისად, მაქვს საფუძველი ფიქრისა, რომ გარკვეულწილად პოლიტიზირებულია ეს საქმე. იმდენად აბსურდულია ბრალდებები, ვინც არ უნდა იყოს [ბრალდებული], მელაშვილი, ილიჩოვა თუ ყოფილი პრეზიდენტი, არ არის შანსი, რომ გამოიკვეთოს [დანაშაული]”, - თქვა მედიასთან დღეს ივერი მელაშვილმა.

„მთელმა საზოგადოებამ იცის უკვე, რომ ამ საქმეს არ აკლია პოლიტიკური შემადგენელი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს ფსონების დადებას ამ საქმეზე და ზოგადად ასეთ სენსიტიურ საკითხზე წინასაარჩევნოდ”, - თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

„მთავარი იქნება, რა ინტენსივობით და რა დინამიკით გაგრძელდება ამ საქმის განხილვა”, - ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება. „კარტოგრაფების საქმეზე“ გამოძიება 2020 წლის ზაფხულის მიწურულს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის მინისტრის წერილის საფუძველზე დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრია.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქმის არსებით განხილვამდე თითქმის 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ წინასწარ პატიმრობაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 2021 წლის იანვარში 20-20-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ - ეს თანხა მოქალაქეებმა ერთ დღეში შეაგროვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG