Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა ბეირუთში საპროტესტო მიტინგზე სროლისას 


ლიბანის არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ ქუჩაში მას მერე, რაც ძალადობა მოხდა ბეირუთში. 14 ოქტომბერი, 2021 წელი
ლიბანის არმიის ჯარისკაცები პატრულირებენ ქუჩაში მას მერე, რაც ძალადობა მოხდა ბეირუთში. 14 ოქტომბერი, 2021 წელი


14 ოქტომბერს, ძლიერი სროლებისას, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა ბეირუთში მიტინგზე, რომელიც შიიტური მოძრაობების "ჰიზბოლასა" და "ამალის" მიერ იყო ორგანიზებული - გასულ წელს პორტში გამანადგურებელი აფეთქების საქმეზე მთავარი გამომძიებლის საქმისგან ჩამოშორების მოთხოვნით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბასამ მაულავიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზოგიერთი მსხვერპლი თავში მოხვედრილი ტყვიითაა მოკლული.

არ არის ცხადი, ვინ იყო გარეული ძალადობაში, რომელიც დაიწყო მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი ქალაქში იყო ოფიციალურ ვიზიტად და ხვდებოდა ოფიციალურ პირებს.

მომიტინგეები მართლმსაჯულების სასახლესთან იკრიბებოდნენ, როცა ძალადობა დაიწყო.

ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ როცა მომიტინგეები დაიძრნენ დედაქალაქის ადლიას რაიონისკენ, სადაც მართლმსაჯულების სასახლე მდებარეობს, „მათ ცეცხლი გაუხსნეს“.
შემდგომ განცხადებაში სამხედროებმა გაფრთხილება გაავრცელეს, რომ ცეცხლს გაუხსნიდნენ ნებისმიერს, ვინც ისროდა და მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდეს, დაეტოვებინათ არეალი.
პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ ხალხს მოუწოდა სიმშვიდის აღდგენისკენ და გაფრთხილება გამოთქვა ლიბანის ძალადობაში ჩათრევის მცდელობის წინააღმდეგ.


შეტაკებები მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც ლიბანის სასამართლომ უარყო ორი ყოფილი მინისტრის მოთხოვნა მოსამართლე თარექ ბითარის მოხსნის შესახებ - იგი იძიებს 2020 წლის 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში აფეთქების საქმეს, რომელმაც 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ლიბანის დედაქალაქის რაიონები გაანადგურა.

პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით, იმის ფონზე, რომ "ჰიზბოლა", მძიმედ შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, მოითხოვს ბითარის გადადგომას და მას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

ბითარი ცდილობდა დაეკითხა რიგი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის, "ჰიზბოლას" მოკავშირეები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გულგრილობაში, რის შედეგადაც საქმე მივიდა აფეთქებამდე, რომელიც ამონიუმის ნიტრატის უზარმაზარმა რაოდენობამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG