Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ბიბილაშვილი მეორე ტურებზე: არის საკითხები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებულობაზე მნიშვნელოვანია


ანა ბიბილაშვილი, "ლელო საქართველოსთვის" წევრი
ანა ბიბილაშვილი, "ლელო საქართველოსთვის" წევრი

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი ანა ბიბილაშვილი რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ აღნიშნავს, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, არსებობს საკითხები, რომლებშიც ოპოზიცია ერთიანია. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ამ ეტაპზე, მისი თქმით, არის ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა არჩევნების მეორე ტურში.

„ამ წუთას ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ გამოვიყენოთ ეს შანსი მეორე ტურებისა, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს გამარჯვებას და "ქართული ოცნების" ერთპარტიული მმართველობა მნიშვნელოვნად შეირყეს. ეს გახდება წინაპირობა უკვე სამომავლოდ, უახლოეს მომავალში კოალიციური მმართველობისა ამ ქვეყანაში. ეს უნდა გამოვიყენოთ ყველამ ერთად“, - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა „საღამოს საუბრებში“. მისი თქმით, ოპოზიციამ პირველ ტურში რეალურად მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის შერყევის შესაძლებლობა მოიპოვა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გასავითარებლად:

„ხვალინდელი დღიდან ამის შანსი არის ზუსტად მეორე ტურები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ოპოზიციას, საერთო ოპოზიციურ სპექტრს, მივაღწიოთ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ეს გამარჯვება საქართველოს მასშტაბით 20 დიდ ქალაქში იქნება ზუსტად იმის დასაწყისი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება ანუ კოალიციური მმართველობის მოდელზე გადასვლის დასაწყისი და ამ მოდელს ვთავაზობთ ფაქტობრივად მეორე ტურში, თბილისის შემთხვევაშიც და სხვა ქალაქების შემთხვევაშიც, ამომრჩეველს. შესაბამისად, ჩემი აზრით, საკმაოდ ნათელია არჩევანი ადამიანებისთვის, რას და ვის უნდა დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა „საღამოს საუბრებში“. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ამომრჩევლისთვის ოპოზიციის გეგმები ნათელი იყოს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ავუხსნათ თვალსაჩინოდ, რას ნიშნავს ჩვენი შეთავაზება. ანუ რატომ გავერთიანდით. ზოგჯერ რჩებათ ხოლმე განცდა, რომ ყველა ისევ ერთი მხარეა. ასე არ არის. პირიქით, ჩვენს შორის ანუ ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებულობა არსად არ გამქრალა... არსებობს საკითხები, რომლებიც არის ჩვენს განსხვავებულობაზე უფრო მნიშვნელოვანი. რაზეც ვჯერდებით - ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე, თვითმმართველობის კონტექსტში ქალაქის განვითარებაზე, ადამიანების საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, კოვიდის სწორად მართვაზე და ასე შემდეგ - ეს არის ისეთი საკითხები, რომლებიც გაცილებით მნიშვნელოვანია და ამ საკითხების ირგვლივ გაერთიანება შეგვიძლია ყველას, განურჩევლად პარტიული განსხვავებულობისა. ზუსტად ამას ვამბობთ და ამას ვთავაზობთ. ამას გულისხმობს ეს კოალიციური მოდელი“, - აღნიშნა ანა ბიბილაშვილმა „საღამოს საუბრებში“. გადაცემაში მან გამოხატა რწმენა, რომ ოპოზიცია წარმატებას არჩევნების მეორე ტურში ოცივე მუნიციპალიტეტში მიაღწევს.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი ხმა, 46,74 %, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30,67%-ით და მესამეზე - "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7,80 % აქვს. უშუალოდ "ლელომ" ამომრჩეველთა 2, 71%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, "ლელოს" წარმომადგენელი 25 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ეყოლება. მათგან თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში "ლელო" 2 წევრით იქნება წარმოდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG