Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომენტარი, როგორც „ექსტრემიზმი“ - რა ელის ტელეგრამის არხების გამომწერებს ბელარუსში?


მილიციის სპეცდანიშნულების რაზმი მინსკის ქუჩებში
მილიციის სპეცდანიშნულების რაზმი მინსკის ქუჩებში

ბელარუსის ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავრობამ, რომელიც დამოუკიდებელი ინფორმაციის საშუალებებს ხურავს, ბლოკავს ვებსაიტებს, აპატიმრებს და ძალადობს მისი მმართველობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე, ამჯერად მიზანში გადარჩენილი მედიაპლატფორმები და მისი მომხმარებლები ამოიღო.

14 ოქტომბერს გამოქვეყნდა ბელარუსის მინისტრთა საბჭოს 575-ე, გახმაურებული დადგენილება „ექსტრემიზმისა და ნაციზმის რეაბილიტაციის წინააღმდეგ ზომების შესახებ“, რომლის თანახმად პასუხისმგებლობა შესაძლოა არა მხოლოდ „ექსტრემისტულად“ მიჩნეულ ტელეგრამის არხებს, არამედ მათ ხელმომწერებსაც დაეკისროთ.

15 ოქტომბერს მინსკის ცენტრალური ოლქის სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა დევნილობაში მყოფი ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ტელეგრამის არხი „ჰოლოსი“.

ბელარუსის ხელისუფლებას ჯერჯერობით „ექსტრემისტულად“ არ გამოუცხადებია რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ტელეგრამი, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი მედიის მიერ მართული სხვა, მრავალი არხის შემთხვევაში მოხდა, გარდაუვალი საფრთხის მოლოდინი, ყველა სოციალურ ქსელში რადიო თავისუფლების ხელმომწერების გადინების საფუძველი გახდა.

ჯერ „ანონიმურობის მოხსნა“, შემდეგ რეპრესიები - ლუკაშენკას კანონებისთვის არ სცხელა

ეს არის აშკარა სიგნალი, რომ ხელისუფლებას, როგორც ლუკაშენკამ თქვა, „არ ცხელა კანონებისთვის“ და მას შეუძლია ადამიანი დააპატიმროს ნებისმიერი რამისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ არის კანონი ფორმირებული.
ანა სოუსი

ბელარუსის სამთავრობო დადგენილების შესახებ, რომელმაც დიდი ხმაური და დაბნეულობა გამოიწვია ქვეყნის შიგნით, საზოგადოებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს (GUBOPiK) განცხადებიდან შეიტყო.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური დაინტერესდა, რაზეა საუბარი - ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე? და, კერძოდ, რა ითვლება კანონსაწინააღმდეგო საქმიანობად, „ექსტრემისტულად“ მიჩნეული ტელეგრამის არხების წაკითხვა, მათი გამოწერა თუ კრიტიკული კომენტარის გაზიარება და დისკუსიაში ჩართვა?

ხელისუფლების ორდღიანი დუმილი 16 ოქტომბერს დაარღვია მინსკის შინაგან საქმეთა სამმართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ორლოვსკიმ. მილიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ „ექსტრემისტულად“ მიჩნეული შინაარსის შემცველი ტელეგრამის არხების გამოწერა არ არის დასჯადი.

ამასთან, ორლოვსკიმ განმარტა, რომ მილიცია წინასწარ ემზადებოდა მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მისაღებად და მუშაობდა „ექსტრემისტული ტელეგრამის არხებისა და ჩატების ადმინისტრატორებისა და მეტ-ნაკლებად აქტიური გამომწერების ვინაობის დასადგენად“ - მათი ანონიმურობა მათ ვეღარ დაიცავს, „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ყველას დაეკისრებაო", - აღნიშნა მილიციის მაღალჩინოსანმა.

„საქმე ისაა, რომ ტელეგრამის არხი შესაძლოა მიჩნეულ იქნეს როგორც ექსტრემისტულ მასალად, ისე ექსტრემისტულ დაჯგუფებად. თუ მას აქვს ექსტრემისტულო დაჯგუფების სტატუსი, მაშინ მისი გამოწერა შესაძლოა მართლაც იქცეს სისხლის სამართლის საქმის ნაწილად. რაც შეეხება იმ არხების გამოწერას, რომელიც მიჩნეულია ექსტრემისტულ მასალად, ასეთი რამ ჯერ არ არის დასჯადი“, - განმარტა ვიაჩესლავ ორლოვსკიმ.

ცხადია, ჩვენი საიტების ნახვა იზრდება, ადამიანები ფიქრობენ, რომ უფრო უსაფრთხოა იუტუბის არხების ნახვა და ახალი ამბების კითხვა ტელეგრამის არხსა და სხვა სოციალურ ქსელში ხელმოწერის გაფორმების გარეშე...
ანა სოუსი

ადმინისტრაციულ სასჯელი დაეკისრებათ იმ აბონენტებს, რომლებიც ექსტრემისტული „ტელეგრამის არხებში ცვლიან და ავრცელებენ ინფორმაციას და რიცხავენ ფულს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოფიციალური სტატისტიკით, ამჟამად ბელარუსში აღრიცხულია 327 „დესტრუქციული“ ტელეგრამის არხი და ტელეგრამის ჩატი.

„რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური და მისი სოციალური ქსელი „ექსტრემისტულად“ არ არის მიჩნეული, მაგრამ ზემოხსენებული დადგენილების შემდეგ შეინიშნება ყველა ჩვენს ქსელზე გამომწერების შემცირება. ეს ნიშნავს, რომ აუდიტორია მიდის. ცხადია, ჩვენი საიტების ნახვა იზრდება, ადამიანები ფიქრობენ, რომ უფრო უსაფრთხოა იუტუბის არხების ნახვა და ახალი ამბების კითხვა ტელეგრამის არხსა და სხვა სოციალურ ქსელში ხელმოწერის გაფორმების გარეშე“, - ამბობს ანა სოუსი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი.

ბელარუსში ექსტრემიზმის მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ მუხლით ალიაქსანდრ ლუკაშენკა ხშირად იცილებს გზიდან თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, კრიტიკული მედიის მენეჯერებსა და ავტორიტეტიან აქტივისტებს.

ბელარუსში „ექსტრემისტულად“ უკვე ცნეს 100-ზე მეტი ინტერნეტის არხიც, რომელთა ავტორები აქვეყნებდნენ ამბებს 2020 წლის საპროტესტო აქციების შესახებ და აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას.

14 ოქტომბერს მინსკის სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო ტელეგრამის არხი, რომელიც ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას ეკუთვნის. სვიატლანა ციხანოუსკაიას ტელეგრამის არხი გამოწერილი აქვს 10 ათასზე მეტ ადამიანს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის პოტენციური საფრთხე შესაძლოა ყველა მათგანს ემუქრებოდეს.

„უკვე აღძრული აბსურდული სისხლის სამართლის საქმეები და მისჯილი დიდი ვადები სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარებისა თუ აკრძალული თეთრ-წითელი დროშის ფერების გამოყენებისთვის, - ეს არის აშკარა სიგნალი, რომ ხელისუფლებას, როგორც ლუკაშენკამ თქვა, „არ სცხელა კანონებისთვის“ და მას შეუძლია ადამიანი დააპატიმროს ნებისმიერი რამისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ არის კანონი ფორმირებული“, - დასძენს ანა სოუსი.

რატომ ებრძვის ლუკაშენკას რეჟიმი ტელეგრამის არხებს?

ბელარუსის რეჟიმმა ტელეგრამის არხების წინააღმდეგ ბრძოლა ზუსტად ერთი წლის წინ, ყველაზე პოპულარული და რეჟიმის უსამართლობისა და უკანონობის მამხილებელი ტელეგრამის არხის NEXTA-Live-ის „ექსტრემისტულად“ გამოცხადებით დაიწყო.

ტელეგრამის არხმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული გამოსვლების დროს. NEXTA აქტიურად აშუქებდა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს და აქვეყნებდა ლუკაშენკასა და მისი რეჟიმის მიმართ კრიტიკულ ინფორმაციას.

2020 წლის 20 ოქტომბერს მინსკის რაიონულმა სასამართლომ დაავალა ქვეყნის ინფორმაციის სამინისტროს, რომ შეიყვანოს NEXTA-Live „ექსტრემისტების“ სიაში, აკრძალოს ტელეგრამის არხით ამ ლოგოს გამოყენება ინტერნეტის ბელარუსის სეგმენტში და გაამკაცროს დაშვება იმ საინფორმაციო რესურსებზე, რომლებიც NEXTA-ს ლოგოს იყენებენ.

ეს იყო მხოლოდ პროცესის დასაწყისი.

ნოემბერში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენა ტელეგრამის არხ Nexta-ს შემქმნელებს, სციაპან პუცილას და რამან პრატასევიჩს. პუცილასა და პრატასევიჩზე ძებნა გამოცხადდა. მათ ასევე ბრალი დაედოთ ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სოციალური მტრობის გაღვივებაში.

ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ სამართლებრივ დევნას ტელეგრამის არხმა Nexta-მ მიმდინარე წლის მარტში უპასუხა გახმაურებული საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმით „ოქროს ფსკერი“, რომელიც შეიცავდა ბელარუსი ავტოკრატი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მისამართით გამოთქმულ კორუფციულ ბრალდებებს.

Nexta-ს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ლუკაშენკამ მოახდინა ბელარუსის მრავალი სახელმწიფო რეზიდენციის, მათ შორის მდიდრული დამოუკიდებლობის სასახლის, პრივატიზება და პირადი ინტერესებისთვის იყენებს პრეზიდენტისათვის განკუთვნილ საავტომობილო პარკს; ლუკაშენკა იღებს ძვირფას საჩუქრებს და, როგორც ფილმის ავტორები ამტკიცებენ, კორუფციული მოსაზრებით, მფარველობას უწევს რიგ უცხოელ მეწარმეებს.

არხის დამაარსებელი 23 წლის სციაპან პუცილა, ვარშავაში ცხოვრობს. პუცილა სამშობლოში არ ყოფილა 2018 წლიდან, როცა მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა „პრეზიდენტის შეურაცხყოფის“ ბრალდებით, YouTube-ში გამოქვეყნებული ვიდეორგოლების გამო.

სამაგიეროდ, ბელარუსის რეჟიმის მხრიდან დევნას ვერ ასცდა Nexta-ს მეორე დამფუძნებელი, რამან პრატასევიჩი.

23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა.

მეორე დღეს, 24 მაისის საღამოს ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პრატასევიჩი ამბობს, რომ იმყოფება მინსკის ნომერ პირველ იზოლატორში, მას კორექტულად ექცევიან, გამოძიებასთან თანამშრომლობს და მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღიარებით ჩვენებას აძლევს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა როგორც განსხვავებულ პოლიტიკურ აზრზე, ისე პრესის თავისუფლებაზე „სამარცხვინო თავდასხმა“ უწოდა ვიდეოჩანაწერს, რომელიც პრატასევიჩზე ზეწოლით მიღებულად ჩათვალეს მისმა ახლობლებმა, კოლეგებმა და უფლებადამცველებმა.

ევროკავშირმა, აშშ-მა და ბრიტანეთმა, ასევე კანადამ, თვითმფრინავის ინციდენტის გამო, ბელარუსს სანქციები დაუწესეს.

ევროკავშირი აღარ აძლევს ნებართვას ბელარუსთან დაკავშირებულ თვითმფრინავებს, დასხდნენ, აფრინდნენ ან გადაუფრინონ ევროკავშირის ტერიტორიებს.

ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების პასუხად ბელარუსის ხელისუფლებამ 28 ივნისს განაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ევროკავშირთან და ასევე აჩერებს თავის მონაწილეობას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG