საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 18 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 6203 ადამიანი.
საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრის დასაწყისიდან. ოქტომბერში ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა. დანარჩენ დღეებში, სხვადასხვა დროს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3000-დან 8000-მდე იყო, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 920 934 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.7%. სრულად ვაქცინირებულია - 907 106, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.8%-ია.
საქართველოში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.