Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: ჩემს მძღოლზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიების აქტიურ ქმედებებს ველოდები


. ანა დოლიძე, პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე
. ანა დოლიძე, პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ დეტალურად ისაუბრა თავის მძღოლზე თავდასხმის შესახებ, რომელიც 19 ოქტომბერს საღამოს მოხდა თბილისში, ორთაჭალაში. ანა დოლიძის თანახმად, ახალგაზრდების ჯგუფი მის მძღოლს მაშინ დაესხა თავს, როცა სურსათის შეძენის შემდეგ იგი თავის მანქანასთან ბრუნდებოდა.

„მანქანასთან დახვდა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ურტყამდა მანქანას, გადააყენე აქედანო და ეგეთ რაღაცეებს ეუბნებოდნენ. როგორც კი მოვიდა, მასზე გადავიდა მერე უშვერი სიტყვებით მიმართვა, შეურაცხყოფა. მიცვივდნენ და ეს ერთი ადამიანი, საშუალო ასაკის ადამიანი სცემეს, გაიგდეს ფეხქვეშ. ურტყამდნენ მუცელში, თავში და ბოლოს ეს გაჩერდა მარტო იმით, რომ ჩაერივნენ გარშემო გამვლელები“, - განაცხადა ანა დოლიძემ „საღამოს საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, გამოძიების აქტიურ ქმედებებსა და მომხდარზე სამართლიანობის დადგენას ელოდება:

„მძღოლი იყო გამოკითხული, მან მისცა ჩვენება, შემდეგ წავედით ქსპერტიზაზე. ახლა ველოდებით შემდეგ ნაბიჯებს, პირველ რიგში გამოვლენას. მძღოლი აკეთებს იდენტიფიცირებას, ვინ დაესხა თავს“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის თანახმადაც ეს მისი გუნდის წევრზე თავდასხმის მესამე შემთხვევაა. მისივე თქმით, წინა ორ შემთხვევაში სამართლებრივად მომხდარზე პასუხი არავის უგია:

„ერთი შემთხვევა იყო 14 აგვისტოს, შარშან, არჩევნების დროს. მეც ვიყავი მაშინ, წერეთლის 105-ში. რატომ ვასახელებ დეტალებს, იმიტომ, რომ ყველაფერი ეს გაცხადებულია. მეორე იყო მარტის 24-ში. ვაშლიჯვარში. ერთი და იგივე სცენარი. ეს შპანა, ქუჩის ბიჭები გამოცვივდნენ და თავს დაგვესხნენ მაშინაც. ორივეჯერ იყო შეურაცხყოფები და ხმამაღალი გინება ჯგუფური. არც ერთ შემთხვევაზე არავინ ხულიგნობისთვისაც კი არ არის დასჯილი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ, რომლის შეფასებითაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და მოქალაქეები თავს დაცულად ვერ გრძნობენ:

„ეს არის ჩემი კვალიფიკაცია, ყველანაირი მოტივის გარეშე ანუ კერძო პოლიტიკური მოტივის გარეშე. ფაქტია, რომ მარტო მე, როგორც ერთი მოქალაქე, მესამედ ვარ შემსწრე ჯგუფური თავდასხმისა ჩემი გუნდის მიმართ და არავინ დასჯილი არ არის. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი, ქუჩა დაკავებული აქვს ამ შპანას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ, რომელმაც გადაცემაში ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის სინდრომზე საუბრისას განაცხადა, რომ 19 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ბოლომდე მიჰყვება.

XS
SM
MD
LG