Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიაზანის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა


17 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ქალაქ რიაზანის შილოვსკის რაიონში მდებარე დენთის ქარხანაში პარასკევს მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, რაც, წინასწარი ინფორმაციით, ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის გამო მოხდა.

აფეთქებას მალევე მოჰყვა მძლავრი ხანძრის გაჩენა და 150 კვადრატული მეტრის ფართობის შენობის ჩამონგრევა.

ტრაგედიის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სინთეტიკური ბოჭკოს ქარხანა „ელასტიკი“ 6 წელია გაკოტრებულად არის გამოცხადებული და იქ, წესით, მუშაობა შეწყვეტილი უნდა ყოფილიყო.

რიაზანში მდებარე დენთის ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება დილის 8 საათზე მოხდა. ამ დროს დილის ცვლაში, რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, სააქციო საზოგადოება „რაზრიადის“ კუთვნილ საამქროში 17 მუშა იმყოფებოდა. აფეთქება მოხდა იმ დროს, როდესაც ერთ-ერთმა მუშამ დანადგარი ჩართო.

ხანძრის სრულ ჩაქრობამდე დახოცილთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო ერთი მუშა, რომელსაც კანის 80%-ზე ჰქონდა მიღებული დამწვრობა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას იღებდა 170 ადამიანზე მეტი და 50 ერთეული ტექნიკა.


სამაშველო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით რიაზანის ოლქში გაემგზავრა თავად რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ჩუპრიანი.

ქარხანა, სადაც აფეთქება მოხდა, გაკოტრებული იყო

რუსული მედიის ცნობით, საამქრო, რომელშიც პარასკევს აფეთქება მოხდა, ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „რაზრიადს“. საწარმო დაკავებული იყო საბრძოლო მასალების უტილიზაციით, საშიში ობიექტების ტრანსპორტირებით, საწარმო დანიშნულების ასაფეთქებელი მასალების წარმოებით, შენახვითა და გავრცელებით და, რაც ყველაზე საყურადღებოა, მათ შორის, ასრულებდა ისეთ სამუშაოებს, რომლებისთვისაც იყენებდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებს.

საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის დადგენილებით, თავად სინთეტიკური ბოჭკოს ქარხანა „ელასტიკი“, რომლის ტერიტორიაზე მდებარეობს ზემოხსენებული საამქრო, 6 წელია გაკოტრებულად არის გამოცხადებული. თავად ქარხნის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო 2017 წელს ქარხანაში მუშაობა შეწყდა. „საწარმოო სიმძლავრეები დაკონსერვდა და მოხდა საწარმოს თანაშრომელთა მასობრივი დათხოვნა“, - ნათქვამია ქარხნის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

ამას გარდა, მარეგულირებელი უწყება „როსტექნადზორის“ თანამშრომლებმა ბოლო შემოწმების დროს საამქროში აღმოაჩინეს სერიოზული დარღვევები. კერძოდ, შენობის შიგნით იატაკზე მიმობნეული იყო დენთი და არასაკმარისად იყო ორგანიზებული ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა.

„როსტექნადზორმა“ გაავრცელა ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებს საამქროს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.

რაიზანში მომხდარი აფეთქების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით: საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღევა, რამაც ერთი და მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიებას უშუალოდ საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატი ჩაატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG