Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 26-ე დღეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 ოქტომბერს


ციხის საავადმყოფოს პრობლემა: როგორ გადაწყდება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი საჭიროების შემთხვევაში?

მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს შიმშილობის 26-ე დღეა. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გუშინ საღამოს ასე შეაფასა: „ძალიან შემართულია, მხნედ არის მორალური თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია, შიმშილობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. მიხეილ სააკაშვილს უნდა გაეწიოს და გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება“.

ექსპრეზიდენტს ერთი დღით ადრე რეანიმატოლოგების დახმარება დასჭირდა, თუმცა ახლა ისევ რუსთავის #12 დაწესებულებაშია და განაგრძობს შიმშილობას.

თუ მისი მდგომარეობა დამძიმდა, სააკაშვილის გადაყვანა უალტერნატივოდ ისევ #18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. ამის წინააღმდეგია თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები.

#18 დაწესებულების პრობლემურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს სახალხო დამცველისთვის:

  • საავადმყოფო მზად არაა მოშიმშილე პატიმრის მისაღებად. იქ ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.
  • #18 სამკურნალო დაწესებულება გლდანის ციხეს ეკუთვნის. ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს გარემოებაც რისკის შემცველია: „კითხვას ასე ვსვამთ, რატომ გვაქვს საქართველოში ეს #12 ციხე? იმიტომ, რომ იქ მოთავსებულია პატიმრების განსაკუთრებული კატეგორია, ყოფილი პოლიციელები, პოლიტიკოსები და ა.შ. პატიმარი რომ ხარ და ვინც დაგიჭირა, მასთან ერთად არ უნდა ჩაგსვან ერთ ციხეში და ერთ საკანში არ უნდა მოგათავსონ, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? ამას მოჰყვება დიდი არეულობა და დეზორგანიზაცია, ამიტომ ამ ციხეში მოთავსებულ პატიმარს აქვს განსაკუთრებული უსაფრთხოების საჭიროება“.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პრემიერისა და ეპიდემიოლოგის ჭიდილი ახალი შტამის საფრთხის წინ

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს სრული მოსახლეობის მხოლოდ 25,47%-ია აცრილი. მათგან ორი დოზით, 22,79%.

მიუხედავად ე.წ. ვაქცინაციის მარათონის წამოწყებისა, რაც ვაქცინაციის პროცესში რეგიონების აქტიურ ჩართვას გულისხმობს, ქვეყანაში დღითი დღე იკლებს ვაქცინაციის მაჩვენებელი. 24 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 1877 ადამიანი აიცრა. მათ შორის უმეტესობა, მეორე დოზით. და ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მეხუთე ტალღას ებრძვის და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 40-ზე დაბლა არ ჩამოდის. ბოლო 24 საათში კოვიდით 46 ადამიანი გარდაიცვალა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვაქცინაციის ტემპი, ფაქტობრივად, გაჩერებულია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რიგი ჯგუფებისთვის, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების თაობაზე. მათ შორის, მედპერსონალისთვის, პედაგოგებისთვის, იმ სეგმენტისთვის, რომლებსაც საზოგადოების ფართო მასებთან აქვთ შეხება.

უკვე კარგა ხანია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები. თუკი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია თვლის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებში უხეში ჩარევაა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დროს სავალდებულო ვაქცინაციას საქართველოში მოქმედი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი“ არეგულირებს და ეს მართლაც ასეა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მეხუთე მუხლი განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

რა მოსაზრებები საკოორდინაციო საბჭოში სავალდებულო ვაქცინაციაზე და როგორ იკრებს ვირუსი ძალებს მუტირებულ ვარიანტებში? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

„ოცნება“ 27 ოქტომბერს აქციისთვის ემზადება

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 27 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აქციას მართავს. ადგილი შერჩეულია - თავისუფლების მოედანი, იქ სადაც 14 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო წლების ყველაზე ხალხმრავალი აქცია გამართა.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ ეს არ იქნება საარჩევნო კამპანიის ერთგვარი შეჯამება. მან ასევე დაამატა, რომ ვისაც არ მოსწონს ენმ-ის მხრიდან ცილისწამება და ბოროტება, აუცილებლად უნდა შეუერთდეს აქციას.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა იმიტომ, რომ არავის სიამოვნებს არსებული სიტუაცია, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან. სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცილისწამება - არის გაჯერებული კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, რაც ძალიან ცუდია, საზოგადოება ამ ყველაფრისგან დაიღალა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საზოგადოებას დავანახოთ - ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც რეალურად აქვს შანსი და შესაძლებლობა, ამ ქალაქში აღმშენებლობა და განვითარება გააგრძელოს“, - თქვა კალაძემ.

27 ოქტომბრის აქცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გარეშე ჩაივლის. „ქართული ოცნების“ ლიდერი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პასუხი კითხვაზე, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი მათ მიერ ორგანიზებულ აქციას არ დაესწრება, მარტივია. მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

წაიკითხე მეტი.

გაერო: ავღანელთა ნახევარზე მეტს საკვების მწვავე ნაკლებობა ემუქრება

მომავალ ზამთარს 23 მილიონამდე ავღანელს საკვების მწვავე ნაკლებობა ემუქრება, გვალვის, კონფლიქტის, კორონავირუსის პანდემიის და იმ ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა ქვეყანაზე თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შედეგად, - აცხადებს გაეროს ორი სააგენტო 25 ოქტომბერს.

მსოფლიოს საკვების პროგრამა (WFP) და საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ერთობლივ განცხადებაში გამოდიან გაფრთხილებით, რომ ისედაც არასტაბილური ქვეყანა მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. "ამ ზამთარს მილიონობით ავღანელი იძულებული იქნება არჩევანი გააკეთოს მიგრაციას და შიმშილს შორის, იმ შემთხვევაში, თუკი ვერ შევძლებთ სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარების გაძლიერებას", - ამბობს დევიდ ბისლი, WFP-ის აღმასრულებელი დირექტორი.

წაიკითხე მეტი.

ამერიკის პრეზიდენტი ჩემზე ასაკოვანია, რა ნახა პრემიერმა ჩემს ასაკში ასეთი?! - ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან

თიანეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებების საპასუხოდ, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ - არც ნიჭს უჩივის, არც ასაკს და არც მერობისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

მეჭიაურს ასევე არ მოსწონს პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ნათქვამი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული მხოლოდ "ოცნების" - სახელისუფლებო კანდიდატებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ოპოზიციონერ მერებს მუშაობა გაუჭირდებათ.

ბრძოლას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერ მერად მუშაობის 3-წლიან პერიოდში (2017-2020 წლები), როგორც თამაზ მეჭიაური ამბობს, არაერთი პრობლემა შეექმნა „ქართული ოცნების“ უმრავლესობით მოქმედი საკრებულოსგან.

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მეორე ტურში გასულ მეჭიაურს, პრემიერ-მინისტრმა სთხოვა, გზა "ოცნების" ახალგაზრდა კანდიდატს დაუთმოს.

წაიკითხე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ლელა კუნჭულიას ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან.

რატომ გახდა აუცილებელი ე.წ. ბუსტერ დოზა, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა? არის თუ არა იგი დამატებითი დახმარება, თუ მართლაც აუცილებელია ვირუსის თავიდან ასაცილებლად? რომელი ვაქცინით აცრილებისთვის იქნება შესაძლებელი დამატებითი აცრა და მეორე აცრიდან რამდენი ხნის შემდეგ? ამ კითხვებზე გვიპასუხებს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG