რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე თავისუფალია. ისინი ცოტა ხნის წინ ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს ქართველ სამართალდამცველებს.
„უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად", - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაყის 5 მცხოვრები საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ოკუპირებულ ლოპანთან ახლოს შეშის დასამზადებლად წავიდა. ტყის ნაწილი ოკუპირებულია, მეორე ნაწილი კი სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება, ვაყელები სწორედ ამ ტერიტორიაზე მუშაობდნენ, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ორი მათგანი დააკავეს. დაკავებისას ზაზა მელიქიშვილმა რუსებს დაუძახა, რომ არ ესროლათ და ამით ცოტა მოშორებით მყოფი თანასოფლელებიც გააფრთხილა.