Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ვაყაში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვენ


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა მელიქიშვილის და ვალერი გაგნიძის ოჯახების წევრები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

28 ოქტომბერს სოფლის 5 მცხოვრები საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ოკუპირებულ ლოპანთან ახლოს შეშის დასამზადებლად წავიდა. ტყის ნაწილი ოკუპირებულია, მეორე ნაწილი კი სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება, ვაყელები სწორედ ამ ტერიტორიაზე მუშაობდნენ, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. დაკავებისას ზაზა მელიქიშვილმა რუსებს დაუძახა, რომ არ ესროლათ და ამით ცოტა მოშორებით მყოფი თანასოფლელებიც გააფრთხილა. ადგილზე იყო ზაზას მამაც, ბონდო მელიქიშვილი, რომელიც შვილის დასახმარებლად ვეღარ მივიდა, რადგან მასაც აუცილებლად დააკავებდნენ. გატაცებას გადარჩენილი ვაყელები სოფელში დაბრუნდნენ და ამბავი პოლიციას შეატყობინეს. ბონდო მელიქიშვილი ამბობს, რომ ტყე, სადაც იმყოფებოდნენ, ყოველთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა და პრობლემა მანამდე არ შექმნიათ.

გატაცებულის დედა ლეილა მელიქიშვილი აცხადებს, რომ ჩორჩანის მიმდებარე ტყე მისმა შვილმა კარგად იცის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდოდა. მისი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უპრობლემოდ გადმოდიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და ადამიანებს იტაცებენ.

სოფელ ვაყას მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად შეშის მომარაგება აუცილებელია, მაგრამ აღარ იციან, ტყეში წასვლა რა ტერიტორიამდეა უსაფრთხო.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება 28 ოქტომბრის საღამოს გაავრცელა.

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. ასევე, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG