Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით შექმნილ ალტერნატიულ სამედიცინო ჯგუფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება ამ დრომდე არ ეძლევა.

სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფმა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ ორგანიზებით დაკომპლექტდა, პენიტენციურ სამსახურს ციხეში შესვლის მოთხოვნით 29 ოქტომბერს მიმართა, თუმცა, როგორც „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ჯგუფის წევრებს ჯერჯერობით, ციხეში შესვლის უფლება არ ეძლევათ.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა შესაბამის უწყებას, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო ტიპის C-კლასის კლინიკაში:

„მივმართეთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ციხეების სამედიცინო სამსახურს და ვითხოვთ ციხეში შესვლას, ექსპერტების დაშვებას სამედიცინო გამოკვლევისთვის, რათა ადგილზე გავეცნოთ ლაბორატორიულ მონაცემებსაც. მაგრამ ამასთანავე, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო ტიპის C-კლასის კლინიკაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომ მიიღონ დროული ზომები, იხელმძღვანელონ მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით და არა სხვა პრინციპებით და გადაყვანილი იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, ვინაიდან ის უკვე დიდი ხანია საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას. ცენტრი „ემპათია“ პირველად არ ატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპერტიზას, შესაბამისად, თუკი დაშვებული არ იქნება ჯგუფი, ეს განიხილება, როგორც დისკრიმინაციული მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება, არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 32-ე დღეა შიმშილობს.

XS
SM
MD
LG