მსოფლიოს წამყვან ძალებსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები, რომლის მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების კვლავ ამოქმედება, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ 29 ნოემბერს გაიმართება ვენაში.
მოლაპარაკებებს გაუძღვება ევროკავშირის მედიატორი ენრიკე მორა და მასში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ირანი. ამის შესახებ 3 ნოემბერს გააკეთა განცხადება ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი ბაღერიმ, რომელიც მოლაპარაკებებში თეირანის მთავარი წარმომადგენელია, ტვიტერში დაწერა, რომ მორასთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ თარიღზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ მალი გაუძღვება ამერიკის დელეგაციას ვენაში.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს 2018 წელს დაატოვებინა ირანთან ისტორიული გარიგება და თეირანს კვლავ დაუწესა სანქციები მიუხედავად იმისა, რომ ირანი ასრულებდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, შეემცირებინა ბირთვულ სფეროში საქმიანობა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
საპასუხოდ თეირანმა ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, მათ შორის ურანის გამდიდრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაუბრუნდება შეთანხმებას, თუკი ირანი კვლავ სრულად დაემორჩილება მის პირობებს. მაგრამ ვენაში ორ მხარეს შორის აპრილში დაწყებული არაპირდაპირი მოლაპარაკებების ექვსმა რაუნდმა შედეგი ვერ გამოიღო და მოლაპარაკებები შეწყდა მას შემდეგ, რაც ივნისში ხელისუფლებაში მოვიდა მკაცრი კურსის მომხრე პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი.
დაწერეთ კომენტარი