"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ქუთაისის ვიცემერის პოსტზე იმედა კლდიაშვილი, რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ მერის არჩევნების მეორე ტური ქუთაისში გაყალბებულია და ამიტომ მისი შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს. „ჩვენ ქუთაისში ვითხოვთ, რომ არჩევნები თავიდან ჩატარდეს“, - აღნიშნა იმედა კლდიაშვილმა გადაცემაში:
„ეს არჩევნები არის გაყალბებული, დათვლას აზრი არა აქვს, ისეთი დანაშაულია ჩადენილი და ისეთი ხარვეზებია, რომელსაც დათვლით ვერ გამოასწორებ. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ხელისუფლება არის არალეგიტიმური. და თუ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მაშინ ადამიანებს, მოქალაქეებს შეუძლიათ ასეთ ხელისუფლებას არ დაემორჩილონ. ეს ერთ-ერთი მთავარი სლოგანია და მერე ჩვენი გადასაწყვეტია, ეს დაუმორჩილებლობა რა ფორმებით გამოიხატება. რა თქმა უნდა, ყველაფერი გვინდა დარჩეს ისევე კანონიერების ფარგლებში“, - განაცხადა იმედა კლდიაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ქუთაისში ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა და ოპოზიციის მიზანია ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანოს:
„აქ ტაქტიკისა და სტრატეგიის ამბავია, რა ტაქტიკას ავირჩევთ. პირველი არის, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეწინააღმდეგება, პროტესტი და დაუმორჩილებლობაც. ვნახოთ, რა ფორმებს ავირჩევთ“, - აღნიშნა იმედა კლდიაშვილმა „დილის საუბრებში“.
30 ოქტომბრის არჩევნებზე, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის განსხვავება მცირეა.
არჩევნებზე ხმები ასე გადანაწილდა:
- ხატია დეკანოიძე ("ნაციონალური მოძრაობა") - 32 703 ხმა (48,36%);
- იოსებ ხახალეიშვილი ("ქართული ოცნება") - 34 925 ხმა (51,64%).
ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ არა მასშტაბური გაყალბება, მათ მოგება გარნტირებული ჰქონდათ.
დაწერეთ კომენტარი