Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მამაცი ქალია იზა, გამოვიდა და სისტემა ამხილა" - ხატია დეკანოიძემ აქციაზე მადლობა გადაუხადა იზა ჩირგაძეს


=
=

"მე მინდა აქედან ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ერთ მამაც ქალს, იზა ჩირგაძეს. მამაცი ქალია იზა, გამოვიდა და სისტემა ამხილა. გამოვიდა და თქვა, მე მავალებდნენ გაყალბებას, მერე ვერ მოითმინა, სახლში ბავშვები დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სუს-ი და პოლიცია გვტაცებდა გზიდან, მაინც მოვიდა ჩვენ შტაბში.

მე მინდა მივმართო მას და მისი ოჯახის წევრებს და ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანის ხმა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანის გამბედაობა და სამოქალაქო პოზიცია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის არ შეუშინდა იმ ნიაღვარს შეურაცხყოფის, რაც მის წინააღმდეგ მოდიოდა. მე მინდა მას მივულოცო, რომ ის არის გამბედაობის მაგალითი. რაც არ უნდა მოხდეს დღეიდან, ის არის გამბედაობის სიმბოლო"- თქვა ხატია დეკანოიძემ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

იზა ჩირგაძე საარჩევნო კომისიის წევრია ქუთაისის 90-ე უბნიდან. მან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 1 ნოემბერს თქვა, რომ მმართველი პარტია მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდა. ბრიფინგის შემდეგ მან ტელეფონი გამორთო, გაწყვიტა კონტაქტი ადვოკატთან, მედიასთან, ენმ-ის წევრებთან და დროებით დატოვა საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, სადაც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

ჩირგაძე პოლიციამ 3 ნოემბერს დაკითხა ადვოკატის გარეშე. მან პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი მხოლოდ "იმედთან" და "რუსთავი 2"-თან გააკეთა. მათთან ჩირგაძე ამტკიცებდა, რომ მასზე ზეწოლა არავის განუხორციელებია.

"ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი. ქუთაისმა თავისი სათქმელი თქვა, ქუთაისში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ქუთაისში საქართველოს მოქალაქეებმა გაიმარჯვეს, მაგრამ გადაწყვიტეს რომ მოეპარათ, სუს-ის მეშვეობით გაეყალბებინათ ეს არჩევნები, მაგრამ ყველას, ვინც არჩევნების გაყალბებაში იყო ჩართული, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ვერ შეაჩერებთ ამ ადამიანების რწმენას, იბრძოლონ თავისუფლებისთვის", - თქვა ხატია დეკანოიძემ დღეს ქუთაისში აქციაზე.

XS
SM
MD
LG