Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 ნოემბერს


მიხეილ სააკაშვილის წერილი: „გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში“

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი.

ყოფილი პრეზიდენტი აღწერს რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას გადაყვანის დროს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდით. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი „ჟრიამული“ და არ შეწყვეტილა ეს „ჟრიამული“ ამ წუთამდე. ხოლო, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაიგდეთ ხელში“. და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე, - წერს სააკაშვილი და განაგრძობს, - შემდეგ, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად, ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე, როგორც პალატაში, სადაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც, ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ შეურაცხყოფის და ძალადობის შემდეგ, აღელვებით. ყველანი იქცეოდნენ, როგორც ნამდვილი კრიმინალები“.

ექსპრეზიდენტი უარს აცხადებს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე და არ თანამშრომლობს სამედიცინო პერსონალთან. ის მხოლოდ პირად ექიმთან შეხვედრას გეგმავს.

წაიკითხე მეტი.

რა ვიცით მიხეილ სააკაშვილის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ?

მიუხედავად მისი უარისა, გუშინ საღამოს მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თითქმის ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო, თუ სად და რა ვითარებაში წაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. მოგვიანებით კი რამდენიმე დეტალი დაზუსტდა:

  • სააკაშვილი ამბობს, რომ გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პირველად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააჟღერა, მისი მონახულების შემდეგ: „სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაყავდათ სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ექიმები ადასტურებენ. ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც პატიმარ საკაშვილს გააცნეს, სად გადაყავდათ, არ არსებობს. რაც მნიშვნელოვანია, მას სურდა კონსილიუმთან შეხვედრა, ელოდებოდა კონსილიუმთან შეხვედრას 3 საათზე, უთხრეს რომ [...], უარი უთხრეს ამაზე“, - თქვა ნინო ლომჯარიამ. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილი თავისი ხელით ალაგებს პირად ნივთებს და ტოვებს დაწესებულებას.
  • გლდანში მისვლის შემდეგ კი მესამე პრეზიდენტი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან სამკურნალო დაწესებულებაში. სახალხო დამცველის აპარატი იკვლევს, მიიღო თუ არა მან რაიმე დაზიანება. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა უწყების თანამშრომლებს. ამ ფაქტს, ბრეგაძის თქმით, გენერალური ინსპექცია სწავლობს და იქნება შესაბამისი რეაგირება.
  • მიხეილ სააკაშვილის #18 დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ მიიტანეს ადგილზე კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. დაწესებულებაში ამ მოწყობილობის არარსებობა ერთ-ერთ ნაკლოვანებად რჩებოდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული ორი შემოწმების დროს. ამ და სხვა ფაქტორების საფუძველზე უწყება ამბობდა, რომ #18 დაწესებულება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საჭიროებებს სრულად ვერ პასუხობდა.
  • სანამ #18 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, ექიმთა კონსილიუმის დიაგნოზით პაციენტი სააკაშვილი იმყოფებოდა მულტისისტემური გართულებების მაღალი რისკის ქვეშ. „საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია“, - ეწერა ხუთი ექიმისგან შემდგარი კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე მომზადდა.

გუშინ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მიხეილ სააკაშვილთან ვერ შევიდნენ მისი ადვოკატები და მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მიზეზად პენიტენციური დაწესებულების არასამუშაო საათები სახელდებოდა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი

#18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ სამინისტრო „იმედგაცრუებულია“ ამ გადაწყვეტილებით, ასევე იმით, რომ მათ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. სამინისტრო იუწყება, რომ 8 ნოემბერს ოფიციალური შეტყობინებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ოფიციალური კიევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

„უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია...

საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების კონტროლს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ღამის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან და დღევანდელი გეგმები

მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა.

ღამით დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის. ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პულვერიზატორით სცადა წარწერის გაკეთება - „თავისუფლება მიშას“.

საპროტესტო აქციამ თავისუფლების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მას მერე გადაინაცვლა, რაც შეკრებილებს ამისკენ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მოუწოდა.

„მთელი წრე დავარტყათ კანცელარიის შენობას. ცოცხალი ადამიანების ძალა დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ვუთხრათ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მან დაამატა, რომ შენობაში შესვლას არავინ აპირებდა. „ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი არ გვჭირს, ხალხო“, - თქვა მელიამ. მან განაცხადა, რომ აქცია მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლება და მისი მონაწილეები ღამითაც ქუჩაში დარჩებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის გარდა, დღეს დილიდან ოპოზიციის აქცია დაიწყება იუსტიციის სამინისტროსთან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. მწვანე საშვების სისტემა ამოქმედდება

საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე საშვის პრინციპის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს "საშვი" ექნება პირს, თუ ის სრულად ვაქცინირებულია ან კორონავირუსი აქვს გადატანილი. მათ შორის მათ, ვინც ვირუსი გასულ წელს გადაიტანა იმის მიუხედავად, რომ არსებობს რეინფიცირების არაერთი გამოვლენილი შემთხვევა.

გარდა ამისა, "მწვანე" სტატუსით ისარგებლებს ადამიანი PCR ტესტის ჩატარებიდან 72 საათის და "სწრაფი ტესტის" ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.

კიდევ რას გულისხმობს მწვანე საშვი? წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჩეხეთის პარტიები შეთანხმდნენ კოალიციურ მთავრობაზე და რუსეთთან კავშირების "გადასინჯვაზე"

გასულ თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხუთმა პარტიამ მოაწერა ხელი ძალაუფლების დანაწილების შეთანხმებას, რომელიც კოალიციური მთავრობის ფორმირების საფუძველი გახდება. პარტიები აცხადებენ, რომ განამტკიცებენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით, ხოლო რუსეთსა და ჩინეთთან კავშირები "გადასინჯვას" დაექვემდებარება.

57 წლის პეტრ ფიალამ - სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა - შეთანხმებას ხელი 8 ნოემბერს მოაწერა, რითაც გაფორმდა ევროსკეპტიკოსი პრემიერის, ანდრეი ბაბიშის და მისი პოპულისტური მოძრაობის, „ANO“-ის, წასვლა ხელისუფლებიდან.

8-9 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში პარტიებმა - სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატებმა, TOP 09-მ, მეკობრეების პარტიამ და STAN-მა - საერთო ჯამში 108 ადგილი მოიპოვეს პარლამენტის 200-მანდატიან ქვედა პალატაში.

წაიკითხე მეტი.

ინტერვიუ ბილ გეიტსთან - „ამერიკის ხმის“ ექსკლუზივი

ცნობილი ამერიკელი ფილანთროპი ბილ გეიტსი გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდა. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი გლობალური დათბობის შენელების საქმეში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს. გლაზგოში მყოფ ბილ გეიტსს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი - ლინორდ მოუდო ესაუბრა.

კლიმატური ცვლილებები ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა როდესმე ყოფილა. წლიდან წლამდე ნახშირორჟანგის ემისიების გამო კლიმატი თბება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად ეკვატორის მახლობლად ფერმერობა და მშენებლობა შეუძლებელი გახდება. ტროპიკულ ზონებში მცხოვრები ხალხისთვის ეს სერიოზული დესტაბილიზაციაა.

ორი რამ უნდა ვქნათ: შევწყვიტოთ ემისიების ატმოსფეროში გამოყოფა და არსებობს კიდეც ამის ამბიციური სამიზნე - 2050 წელი. პარალელურად, უნდა დავეხმაროთ ქვეყნებს ამინდის ცვალებადობასთან ადაპტაციაში, მაგალითად, მივცეთ ისეთი თესლი, რომელიც ცხელ ტემპერატურას გაუძლებს. იმასთან შედარებით, რა გეგმებიც 6 წლის წინ პარიზში ყოფნისას დავსახეთ, წელს გაცილებით დიდი და ფართო პროგრამებია, მეტი საქმე გვაქვს.

რა გველის და რამდენად უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი? წაიკითხე სრული ინტერვიუ აქ.

ფენოვანი-2.10; „არაცენტრალური მედია" - საქართველოს რეგიონული მედიის ისტორია და აწმყო. მესამე ნაწილი. მარნეული TV (მარნეული), ტელეკომპანია თანამგზავრი (თელავი), ჩემი ხარაგაული (ხარაგაული), ოდიში TV (ზუგდიდი). „არაცენტრალური მედია“ ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს რეგიონული მედიის ისტორიასა და თანამედროვე ყოფაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG