Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია ბედიის მონასტრის რესტავრაციაში დახმარებას გაეროს სთხოვს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში საბინა მახლს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მრჩეველს საველე საკითხებში მარია ვოლოშკევიჩს შეხვდა.

აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, ბჟანიამ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს ბედიის ტაძრის აღდგენაში დახმარების თხოვნით მიმართა.

პრესსამსახის ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ბედიის ტაძარი „აფხაზეთის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური სალოცავია“.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბჟანია შეეხო თბილისთან ურთიერთობის თემასაც და აღნიშნა, რომ აფხაზეთი "ორ მეზობელ ქვეყანას შორის ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობების დამყარების მომხრეა", მაგრამ ეს შესაძლებელია "საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების პირობით".

2012 წელს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბედიის მონასტერში წაშლილია ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის წარწერები და ფრესკები.

აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს უფროსმა მაშინ განაცხადა, რომ უძველესი ფრესკები საუკუნეთა განმავლობაში ნადგურდებოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს საკულტო დანიშნულების 151 ნაგებობა დგას.

ომის შემდეგ, დადგენილი პირობითი საზღვრების მიღმა დარჩენილი ტაძრების (მათ შორის მრავალი ძეგლის სტატუსს ატარებს) დიდი ნაწილი ან უკვე დაინგრა, ან ახლა ინგრევა და სავალალო მდგომარეობაშია, ან რუსული ყაიდის ტაძრების სტილშია გადაღებილ-"რესტავრირებული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG