Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი მეექვსე ფლოტის გემების საქართველოში შემოსვლაზე: ძალიან ვამაყობთ, რომ კვლავ დაბრუნდნენ


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

ბათუმში ამერიკულ ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

„მაქვს პატივი, ხომალდ „მაუნთ უიტნისა“ და „არლი ბურკის” კლასის მართვად სარაკეტო გამანადგურებელ ხომალდ „პორტერს” დავხვდე საქართველოში. ამ ხომალდების ეკიპაჟის და პირადი შემადგენლობის ბევრი წარმომადგენელი ამ მშვენიერ ქვეყანას პირველად ეწვია, თუმცა ეს ხომალდები აქ ბევრჯერ ყოფილან. ძალიან ვამაყობთ, რომ კვლავ დაბრუნდნენ დღეს. „მაუნთ უიტნიმ“ 2008 წლის სექტემბერში - რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის დროს - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 17 ტონა მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. ეს იყო ამ ხომალდის პირველი შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში და შეხედეთ, რამდენად წინ წავიდა ამ პერიოდში საქართველო. ამ დიდებული ხომალდების ისტორია და მათი ეკიპაჟების შესაძლებლობები და მიღწევები შთამბეჭდავია", - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორების რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი. როგორც ის აღნიშნავს, ერთი თვე არც არის გასული შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ვიზიტიდან, რომელმაც ბრძოლის ველზე ქართველ მეომრებთან ერთად ყოფნა გაიხსენა და მადლიერება გამოხატა მათდამი.

როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების და მოკავშირეების მეომრებთან ერთად, 22 ათასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა წვრთნებსა და ბრძოლებში. მისი თქმით, ამ ხომალდების ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა შეერთებულ შტატებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინტეგრირებული საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციები განახორციელონ სამხედრო და ჰუმანიტარული მისიით, როდესაც მიმართავენ და როდესაც საჭირო ხდება მსოფლიოში.

„თქვენი აქ ყოფნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", - თქვა დიპლომატმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა თანამდებობის პირებს, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ.

ამერიკულ ხომალდზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის მეექვსე ფლოტის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. შეერთებული შტატები განუხრელად ერთგულია მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებისადმი და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარების სფეროში დახმარებისადმი. თქვენი წვლილი უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში იმის დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და საზღვაო აკვატორიაში საერთო ინტერესები და ფასეულობები გაგვაჩნია", - განაცხადა ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის ეს ხომალდები ბოლო წლებში, საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდნენ. „მაუნთ უიტნი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბოლოს 5 წლის წინ, 2016 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, ხოლო „პორტერი“ 2020 წლის ივნისში. აშშ-ის მეექვსე ფლოტი, რომლის შემადგენლობაშიც ეს გემები არიან, იტალიაშია დისლოცირებული.

XS
SM
MD
LG