Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაზიანებები


ნიკოლოზ ყიფშიძე

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება დატოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი მონახულების შემდეგ, ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები.

„ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. ასე რომ, სხვებიც მალე გამოვლენ. გარეგანი დათვალიერება უტარდება. აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით", - თქვა ყიფშიძემ.

პირადი ექიმი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იღებს მედიკამენტებს. „ტესტები ავიღეთ, ტესტების გარკვეული ნაწილი არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო. აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა", - თქვა მან.

ნიკოლოზ ყიფშიძე მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებაც ლაპარაკობს: „ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობების, ვითომ კონსილიუმს ვხვდებით, ვლაპარაკობთ მის ჯანმრთელობის შესახებ, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ, რა იქნება. ამ დროს ყველამ მშვენივრად იცის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით - სიკვდილით. სხვა გამოსავალი აქ არ არის".

როგორც ექიმმა თქვა, მიხეილ სააკაშვილს დღეს, 10 ნოემბერს, სურდა სასამართლო პროცესზე გამოსვლა. „ერთს გეტყვით, რომ სუსტად არის, მაგრამ ემზადებოდა დღევანდელი სასამართლოზე გამოსვლისთვის, ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, არ გამოვიდა ეს და უკმაყოფილოა", - აღნიშნა ყიფშიძემ.

8 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG