Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: სააკაშვილის გუნდი მის ჯანმრთელობას იყენებს პოლიტიკური ამოცანებისთვის


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

დღეს, 16 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თალაკვაძემ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, ეს დაწესებულება აღჭურვილია "ყველა საბაზისო აპარატურით და შესაბამისი სამედიცინო პერსონალით, რომელიც მზად არის როგორც მიმდინარე, ასევე, კრიტიკული სიტუაციებისთვის, ჯანმრთელობის სერვისების აღმოსაჩენად და დახმარების აღმოსაჩენად“.

არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს მიმართა შეკითხვით, რა ისეთი სამედიცინო ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები ითხოვენ მის გადაყვანას სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში: „რა არის ეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევა? დღემდე არც დაცვის მხარისგან, არც მისი პოლიტიკური თანამებრძოლებისგან ჩვენ არ მოგვისმენია“.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უპასუხოდაა შეკითხვაც, რა სახის სამედიცინო მომსახურება ვერ ჩაუტარდა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მისი პოლიტიკური მეგობრები იწუნებენ გლდანის სამკურნალო დაწესებულებას.

სამაგიეროდ, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთ მიტინგზე წამოსცდათ, რომ პოლიტიკური ამოცანაა ჯერ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და შემდეგ მისი გათავისუფლება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო საჭიროებები და პოლიტიკური ამოცანები, სააკაშვილის გუნდი კი, მის ჯანმრთელობას იყენებს პოლიტიკური ამოცანებისთვის.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

XS
SM
MD
LG