Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ბათუმშიც დაიწყეს


„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში შიმშილობა დაიწყეს აქტივისტებმა, კახა მიქელაძემ და ალეკო ბერიძემ. ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ.

"და ზოგადად განთავისუფლებას ვითხოვთ. სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე არ შეიძლება ლაპარაკი, როცა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებასაც უზღუდავენ. ეს კი, შუა საუკუნეების ინკვიზიციის წესით გასამართლებაა", - განაცხადა კახა მიქელაძემ.

მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია"-ს 9 დეპუტატმა. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში.

შიმშილობა აქვთ გამოცხადებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი ბარამიძესაც და "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელს, ვილი პაჭკორიას.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.

სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG