Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში სასწავლო დაწესებულებები გარკვეული შეზღუდვებით გაიხსნა


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, თითქმის სამკვირიანი ლოკდაუნის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რესტორნებმა და გასართობმა ცენტრებმა მუშაობა განაახლეს.

თუმცა, 1 დეკემბრამდე ქორწილების და სხვა საჯარო თუ სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა კვლავ აკრძალულია. პირბადის ტარების რეჟიმი ძალაში რჩება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. დე ფაქტო რესპუბლიკამ რუსეთიდან „Sputnik V“-ისა და „Sputnik Light“-ის ვაქცინების კიდევ ერთი პარტია მიიღო.

რეგულაციების შემსუბუქების შესახებ, ადგილობრივმა მედიამ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიხედვით, ეპიდემიური ვითარების სტაბილიზაციის პარალელურად რიგი ობიექტები გაიხსნებოდა.

კარანტინის შემდეგ უნივერსიტეტმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, რესპუბლიკაში კვლავ რჩება პანდემიის პრობლემა...
ალა ჯიოევა

კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ოკუპირებულ რეგიონში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. ამას, 1-7 ნოემბრამდე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არასამუშაო კვირის გამოცხადებაც დაემატა. ამის შემდეგ სასწავლო დაწესებულებებში კარანტინი კიდევ ერთი კვირით გაგრძელდა.

1 დეკემბრამდე აკრძალულია ქორწილები, რელიგიური და საზეიმო ღონისძიებები. კვლავ რეკომენდებულია დაკრძალვის ღონისძიებებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის შეზღუდვა, პირბადეების რეჟიმი კი ყველამ უნდა დაიცვას. პირები, ვისაც კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, ორკვირიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

როგორც დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, ყველა სასწავლო დაწესებულება რეკომენდაციების დაცვით გაიხსნა. მუშაობა დაიწყო ცხინვალის უნივერსიტეტმაც, სადაც ყველა სტუდენტსა და თანამშრომელს შენობაში შესვლამდე სიცხეს უზომავენ. უნივერსიტეტის თანამშრომელი ალა ჯიოევა „ეხო კავკაზას“ ეუბნება, რომ მაქსიმალურად ცდილობენ რეკომენდაციების დაცვას.

„კარანტინის შემდეგ უნივერსიტეტმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, რესპუბლიკაში კვლავ რჩება პანდემიის პრობლემა, ამიტომ უნივერსიტეტში დაცულია სანიტარული და ეპიდემიური უსაფრთხოების ყველა ზომა. კერძოდ, შესასვლელთან არის ანტისეპტიკები, არის ნიღბები მათთვის, ვინც მათ გარეშეა, მაგრამ, ალბათ, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პირბადე, რადგან ამხელა გუნდში თავად უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. უნივერსიტეტის შესავლელთან დაცვის თანამშრომლები დგანან და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი“.

ალა ჯიოევას თქმით, ყველა თანამშრომელი, რომელიც შედის ოპერატიული შტაბის მიერ განსაზღვრულ რისკჯგუფში, თავისუფალია არჩევანში, ივლის თუ არა სამსახურში. ეს ეხებათ ორსულებს, ხანში შესულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონეებს.

რეგულარულად ვუზომავთ თანამშრომლებს ტემპერატურას და გრიპის და ვირუსის ნიშნების მქონეებს სამსახურში არ ვუშვებთ...
ანგელა კოკოევა

ცხინვალში გარკვეული შეზღუდვებით მუშაობა დაიწყო კვების ობიექტებმა, რომელთა ხელმძღვანელები, გასულ კვირას, ბიბილოვის ხელისუფლებას შერჩევითი მიდგომების გამო აკრიტიკებდნენ. მათი თქმით, ლოკდაუნი მათ ფინანსურ მდგომარეობას სერიოზულად ურტყამდა და ბიზნესს გაკოტრების საფრთხე ემუქრებოდა. ამჟამად კაფეებსა და რესტორნებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება იკრძალება. სტუმრები გარკვეული დისტანციის დაცვით უნდა ისხდნენ. ცხინვალის ერთ-ერთი კაფეს ადმინისტრატორის, ანგელა კოკოევას თქმით, პირველსავე დღეს, რამდენიმე საათში დაწესებულებას საკმაოდ ბევრი სტუმარი ეწვია.

ჩვენთან (კაფეში) შესასვლელთან და მაგიდებზე სადეზინფექციო საშუალებებია. ვცდილობთ, დავიცვათ დისტანციის რეჟიმი, სტუმრებს ამ პრინციპით ვათავსებთ. ასევე რეგულარულად ვუზომავთ თანამშრომლებს ტემპერატურას და გრიპის და ვირუსის ნიშნების მქონეებს სამსახურში არ ვუშვებთ. პერსონალი მუშაობს ნიღბებში, კარებსა და მაგიდებს სპირტით ვწმენდთ. ვცდილობთ, მაგიდებთან ოთხ-ხუთ სტუმარზე მეტი არ დავსხათ. კარანტინის დროს ვმუშაობდით მხოლოდ გატანის სერვისზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა როგორც შემოსავალზე, ასევე მუშაობაზე. შევამცირეთ თანამშრომლები, ნაწილი შვებულებაში გავუშვით, როგორმე რომ გადავრჩენილიყავით“.

გასულ ხუთშაბათს, ცხინვალის რეგიონში რუსული ვაქცინების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა: 500 დოზა „Sputnik V“ და 1500 დოზა „Sputnik Light“. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი სოსლან ნანიევი რუსული ვაქცინით, საჯაროდ უკვე აიცრა, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკაში ვაქცინაციის ტემპი მაინც დაბალია.

კვირას ცხინვალის საავადმყოფოში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ერთი - დე ფაქტო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ, რუსეთის ფედერაციაში, ოკუპირებული რეგიონის ის მოქალაქეები გააგზავნა, ვისაც გადატანილი მძიმე ინფექციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსის გავლა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG