Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ იუწყება


ცხინვალიდან გენადი ბესტაევის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუასთან დააკავეს და ბრალი ორი მუხლით, სახელწიფო საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლებით წარუდგინეს. ცხინვალის სასამართლომ მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხინვალის ციხეში 15 ნოემბერს გაუარესდა და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოთხოვნით მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდა.

საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. იგი სოფელ ზარდიაანთკარში საკუთარ სახლთან დააკავეს და ბრალად დე ფაქტო საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.

გენადი ბესტაევის სახლი საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს, სახლის ეზოში მავთულხლართია გაბმული და სახლში ყოველი მისვლისას ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებდნენ. ამ ბრალდებით იგი არაერთხელ იყო დაკავებული, რამდენჯერმე ნათესავებმა და თანასოფლელებმა მას თანხაც შეუკრიბეს, რომ ე.წ ადმინისტრაციული ჯარიმა გადაეხადათ. ბოლოს ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს და ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ე.წ საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG