Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ მოხეში მეჩეთის საქმეზე ევროკონვენციის ორი მუხლი დაარღვია - სტრასბურგის სასამართლო


"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იუწყება, რომ საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაუდგინა. გადაწყვეტილება 16 ნოემბერს გამოქვეყნდა. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა ოთხივე განმცხადებლისთვის.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლები. ამ მუხლებით გათვალისწინებულია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვა. ამ საქმეზე დაზარალებულების ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავდა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" მოხეს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რამდენიმე წლის წინ, 2016 წელს მიმართა. დავა ეხებოდა სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მშვიდობიანი შეკრების მონაწილე 4 მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გახდა სათანადო და რეალური გამოძიების საგანი.

უფრო ადრე, 2014 წლის 22 ოქტომბერს ამ სოფელში ისტორიული მეჩეთის დემონტაჟი ადგილობრივებმა გააპროტესტეს. როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იხსენებს, სპონტანურად შეკრებილ მუსლიმ თემს პოლიცია დაუპირისპირდა, დააკავა 14 ადამიანი და ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. დაკავებული 4 პირი აცხადებდა, რომ პოლიციამ მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა.

"შეკრების ადგილზე დაკავებისას ცემის გარდა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი სასტიკი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. აგრეთვე, საპოლიციო ღონისძიების ყველა ეტაპზე დაფიქსირდა შსს-ს თანამშრომლების მიერ რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აქვე განმარტავენ, რომ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ განმცხადებლების არგუმენტები ეხება არა მხოლოდ უშუალოდ დაკავების პროცესს, არამედ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პროცესსაც, როდესაც მათ წინააღმდეგ პოლიცია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, მათ შორის ადგილი ჰქონდა რელიგიურად მოტივირებულ შეურაცხყოფას, ასევე პირველი განმცხადებლის მიმართ სასტიკი ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რაც სხვა განმცხადებლების მიმართაც დამაშინებელ გარემოს ქმნიდა.

"სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მესამე მუხლი მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც და პირველი განმცხადებლის, თეიმურაზ მიქელაძის ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი დარღვევა დაადგინა... სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხელისუფლებამ დისკრიმინაციულ მოტივებზე დაყრდნობით არ გამოიძია განმცხადებლების მიმართ არასათანადო და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების ბრალდებები კუმულატიურად წარმოადგენს კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილის (ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების) დარღვევას დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევასთან ერთად", - ვკითხულობთ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ იგივე ფაქტებზე დაყრდნობით განმცხადებლები დავობდნენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-8, მე-11 და მე-13 მუხლები, თუმცა სასამართლომ ამ მუხლებთან მიმართებაში იგივე ფაქტობრივი გარემოებების განხილვა აღარ ჩათვალა საჭიროდ, რადგან საკმარისად მიიჩნია მე-3 მუხლთან მიმართებაში შესაბამის სამართლებრივ კითხვებზე პასუხის გაცემა.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG