საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „TV პირველის“ ეთერში ილაპარაკა პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, გიული ალასანიას პატრიარქისთვის არაფერი უთხოვია.
„ქალბატონი გიული მობრძანდა 11 რიცხვში... სიმართლე გითხრათ, ველოდებოდით, რომ რაღაც თხოვნას დააყენებდა ან შუამდგომლობას, რაც მოთხოვნები არის გარეთ - სხვა საავადმყოფოში გადაიყვანონ, შეწყალებაზე... ეს არ ყოფილა. უფრო იყო პირადი შეხვედრა. პრეზიდენტის ოჯახს გასაკვირი არ არის და პატრიარქთან ადრეც ჰქონდა ურთიერთობა. თუნდაც პრეზიდენტობის დროს, მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ პირადი ურთიერთობებიც იქ ისე არის ჩამოყალიბებული, რომ ეს შეხვედრაც სულაც რომ არ ყოფილიყო მშვიდ გარემოში, მაინც არ იქნებოდა გასაკვირი“- თქვა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
დეკანოზმა განმარტა, რომ გიული ალასანიას შეხვედრის სურვილი ადრეც ჰქონდა, მაგრამ პატრიარქის შეუძლოდ ყოფნის გამო ეს ვერ მოხერხდა.
"უკვე იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილი, რომ მან რაღაც ნაწილი არ დააკმაყოფილა, რაღაც მოწოდებები გააკეთა. ამიტომ, გარკვეული ჩარჩო ამ მოვლენებს უკვე მიცემული ჰქონდა. ეს სასამართლო ჩაერთო ამ პროცესებში. ქალბატონ გიულის არაფერი არ უთხოვია პატრიარქისთვის. მან აღწერა მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, დედის პოზიციიდან, მან თქვა, რომ იოლი და მარტივი არ არის შიმშილობის შემდეგ მისი [მიხეილ სააკაშვილის] რეაბილიტაციის პროცესი. ამიტომ, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას" - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
დეკანოზმა ილია მეორის პოზიციის შესახებ განაცხადა, რომ „პატრიარქმა შეხვედრაზე გამოთქვა იმედი, რადგანაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე განიხილა და შემდგომშიც გააგრძელებს ამაზე მსჯელობას, რომ ეს იქნება რაღაც გამოსავლის მომტანი“.
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესა და გიული ალასანიას შორის შეხვედრის შესახებ 13 ნოემბერს ილაპარაკა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ.
დეპუტატმა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უამბო, პატრიარქსა და გიული ალასანიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ.
ხერხეულიძის განცხადებით, მან სააკაშვილისგან მოისმინა, რომ შეხვედრას პატრიარქთან ერთად ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო და პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.
მოგვიანებით გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან დაადასტურა შეხვედრა პატრიარქთან, თუმცა დააზუსტა, რომ შეხვედრა იყო პირისპირ და მას საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.