"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ამგვარ პაციენტს ის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდა. სერგეენკოს თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ის ყოფილი პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არსებობს "უსფრთხოების საკითხებიც", რაც გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა, იყოს გათვალისწინებული.
„მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, გადავიყვანდი მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა ეს არ არის სამოქალაქო სექტორი და აქ უსაფრთხოების საკითხია“, - თქვა 19 ნოემბერს დავით სერგეენკომ. ის ერთ-ერთია იმ სამ დეპუტატს შორის, რომლებიც 18 ნოემბერს გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკაში იმყოფებოდნენ ვითარების ადგილზე გასაცნობად.
მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა 18 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათისთვის, როცა მას ადვოკატები ხვდებოდნენ. პენიტენციური დაწესებულების ექიმი ადასტურებს გონების დაკარგვის ეპიზოდს და ამბობს, რომ "პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია."
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.