Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 16 ნოემბერს დაღუპული სამი ჯარისკაცის ცხედარი


აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა იმ სამი ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მომხდარი ბოლო სასაზღვრო ინციდენტის შედეგად, 16 ნოემბერს დაიღუპნენ. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, დაღუპულთა ცხედრების გადაცემა რუსეთის სამშვიდობო ძალების შუამავლობით, სომხეთის სიუნიქის რაიონის სოფელ იშხანასართან მოხდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულთა ვინაობას მოგვიანებით გაასაჯაროებს.


სომხეთი აცხადებს, რომ მისი ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის საზღვარზე გასული კვირის ბოლოდან განახლებულ შეიარაღებულ შეტაკებაში, რომელიც ყველაზე უფრო მასშტაბური ესკალაციაა ერთი წლის წინ, სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო, ორ მეზობელ ქვეყანას შორის 44-დღიანი ომის შემდეგ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, 16 ნოემბერს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 7 და დაიჭრა 10 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

16 ნოემბრის შეტაკების შემდეგ ერევანი და ბაქო მორიგ ჯერზე შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს თავიანთ საზღვარზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ერევნისათვის მისაღებია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის „მოსამზადებელი ეტაპის“ შესახებ მოსკოვის მიერ შეთავაზებული წინადადებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG