Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ დააჯარიმა ორგანიზაცია "მემორიალის" მხარდასაჭერი აქციების მონაწილეები


მოსკოვში სასამართლომ, მიტინგის ორგანიზების და ჩატარების წესების დარღვევის გამო, 150 000 რუბლის (დაახლოებით 2000 ამერიკული დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს, ვიქტორია ივლევას, 20 ათასი რუბლის (დაახლოებით 260 ამერიკული დოლარის) ოდენობის ჯარიმა კი უფლებადამცველ იური სამოდუროვს.

20 ნოემბერს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე ჩატარდა ერთკაციანი აქციების სერია, უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალის" ლიკვიდაციის და პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ. "მემორიალი" რუსეთში "უცხოეთის აგენტად" აღიარეს. პოლიციამ დააკავა აქციების 12 მონაწილე, რომელთა შორის იყვნენ ვიქტორია ივლევა და იური სამოდუროვიც.

ივლევას სასჯელი უფრო მკაცრია, რადგან მას ბრალი ედება კანონის ხელმეორედ დარღვევაში, საპროტესტო აქციებზე უწინ უკვე დაკავების შემდეგ.

ნოემბერში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ და მოსკოვის პროკურატურამ მოითხოვეს სასამართლოს გზით იყოს ლიკვიდირებული "საერთაშორისო მემორიალი" და უფლებადამცველი ცენტრი "მემორიალი", რომლებსაც ბრალად ედებათ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის დარღვევა. ამ მოთხოვნის წინააღმდეგ გამოვიდნენ ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, სწავლულები, მწერლები და მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, მოსკოვის მესვეურები ქალაქში აქციების ჩატარებაზე თანხმობას არ გასცემენ, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების საბაბით. თუმცა ქალაქში ტარდება სხვა სახის მასობრივი ღონისძიებები.

XS
SM
MD
LG