Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ძალებმა სომეხი ჯარისკაცი მოკლეს, აზერბაიჯანი ცნობას უარყოფს


სომხეთმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა მისი ერთი ჯარისკაცის მოკვლაში საზღვართან, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის ყველაზე მწვავე შეტაკებები მოხდა, შარშან მთიან ყარაბაღში წარმოებული, 44-დღიანი ომის მერე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 22 ნოემბერს, საღამოს 19 წლის სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა მაშინ, როცა აზერბაიჯანის სამხედროები ერთი საათის განმავლობაში ისროდნენ გეღარქუნიქის პროვინციაში განლაგებული სომხეთის არმიის პოზიციების მიმართულებით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს: "ჩვენს დანაყოფებს ამ მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნიათ, სიტუაცია სტაბილურია".

22 ნოემბრის ინციდენტს რამდენიმე დღით უსწრებდა წინ სასაზღვრო შეტაკებები, რომელშიც ორივე მხარემ განიცადა დანაკარგი და რომელშიც ორივემ ერთმანეთს დასდო ბრალი. ბაქოს განცხადებით, 16 ნოემბერს მისი შვიდი სამხედრო დაიღუპა შეტაკებებში, ერევანი კი ამბობს, რომ ბრძოლას მისი ექვსი სამხედრო ემსხვერპლა.

საზღვარზე ვითარება დაძაბული რჩება 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში წარმოებული ომის შემდეგ მთიანი ყარაბაღის გარშემო, რასაც სულ მცირე 6500 ადამიანი შეეწირა. კონფლიქტი დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რომელმაც ბაქოს კონტროლი გადასცა მთიანი ყარაბაღის ნაწილებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც სომხებს ჰქონდათ დაკავებული. სამშვიდობო შეთანხმების პირობებით, არეალში განათავსეს 2000-მდე რუსი სამხედრო.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, თუმცა მასზე სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა ეთნიკურმა სომხებმა დაამყარეს კონტროლი 1994 წლის სეპარატისტული ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG