Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია ტიკარაძეს პასუხობს: სააკაშვილის მკურნალობაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პასუხობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის კლინიკურ მართვაში ექსპერთა ჩართვა ითხოვა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ ამ პროცესზე დაკვირვება.

"გუშინ მივიღეთ ჯანდაცვის მინისტრის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, რასაც ჩვენ გამოვეპასუხეთ - სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით პროცესის ზედამხედველობაში", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესის დასაკვირვებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე შევიდა, მათი დასკვნები ვითარების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი. უშუალოდ მკურნალობის კლინიკურ მართვაში ექსპერტთა ჩართვა კი ჯანდაცვის მინისტრმა სახალხო დამცველს 22 ნოემბერს სთხოვა.

სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებული კლინიკა და ექსპრეზიდენტის მდგომარეობა. ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.

20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლო მისი უწყების შეკრებილი ექსპერტების დასკვნას გაიზიარებდა და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს სააკაშვილი სასამართლოს წერილის გასაჯაროებამდე.

"სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა",- აღნიშნავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილის შესახებ მედიისთვის ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც დოკუმენტი სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა.

ამ ახალი წერილით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა (ამ შემთხვევაში განმცხადებელმა) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო მთავრობამ მას უნდა გაუწიოს, ახალ, შეცვლილ სამედიცინო გარემოებებზე დაყრდნობით, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომელიც გაითვალისწინებს 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გლდანის პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო სივრციდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 19 ნოემბერს 15:00 საათზე შესთავაზა. მინისტრმა რამდენიმე პირობა დაასახელა, მათ შორის იყო შიმშილობის შეწყვეტა და კლინიკასთან აქციების გამართვაზე უარი. სააკაშვილი ამ შეთავაზებას დასთანხმდა.

ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მისაღები იყო სახალხო დამცველისთვისაც, რომლის ეგიდითაც რამდენიმე დღით ადრე ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნა და ჯგუფის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის საავადმყოფო შეამოწმეს. დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ.

19 ნოემბრამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ არსად, რადგან ციხის საავადმყოფოში მისი მკურნალობა შესაძლებელი იყო. სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან გადასვლას შიმშილობის შეწყვეტის აუცილებელ პირობად ასახელებდა.

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტს ყალბი ("ფეიკი") დასკვნაც უწოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.
​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG