ევროპარლამენტარებთან და კონგრესმენებთან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა კავშირების შესახებ ილაპარაკა საქარველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
„ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია დაგეგმილ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს ვუპასუხოთ ჩვენი საქმით. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ყველა მიმართულებით გვქონდა ხელშესახები პროგრესი.
ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის აბსოლუტურად უინტერესოა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ მეგობართა კლუბები. ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოწირულობებიდან. შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
19 ნოემბერს 23-მა ევროპარლამენტარმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკავშირს და ევროსაბჭოს მიმართა. გავრცელებულ წერილში გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან მიმართებაში. მათ აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური მოპყრობა დაუშვა.
დაწერეთ კომენტარი