Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და შვილის გათავისუფლებას ითხოვს


გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

როგორც ჰოსპიტლიდან გამოსული გიული ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია.

ექსპრეზიდენტის დედა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და შვილის გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, 23 ნოემბერს მან მოისმინა მოსაზრებები, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზარალა:

„ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ადამიანი როგორმე გავიყვანოთ თავისუფლებაზე. სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ იმით, რომ გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვით და ამის 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა. წარმოგიდგენიათ? ეს ვინმეს გაუგია? მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ მოვისმინე ეს აზრი. მე ვიცი, რომ მთელი საზოგადოების აქტიურობაა საჭირო. არავითარი შესვენება“.

19 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

​სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დაებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG