კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის" 111 903 ლარით დააჯარიმებას გამოეხმაურა კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის”. კოალიციის წევრი ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ, რომ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის „მთავარი არხის” და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს. „სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციას მიაჩნია, რომ “მთავარი არხის” სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს. განცხადების თანახმად, 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია „მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა.
„25 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111,903.43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური განცხადებით, მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მაუწყებლის მიმართ ჯარიმის ზედა ზღვარი გამოიყენოს. ასე მოხდა 2020 წელსაც, როდესაც შპს „მთავარ არხს“ დაეკისრა ჯარიმა 58,061.76 ლარის ოდენობით. თითოეულ შემთხვევაში, კომისია ფინანსურ ბერკეტების ამოქმედებით ცდილობს მაუწყებლის სამაგალითოდ დასჯას.
რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს „მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ:
„მთავარი არხი” 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სანქცირებადი არხი იყო. 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია სწორედ “მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა', - აცხადებს კოალიცია.
ტელეკომპანია „მთავარი არხის" 111 903 ლარით დაჯარიმების ერთ-ერთი მიზეზი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" კლიპის ეთერში განთავსება გახდა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ 25 ნოემბრის, სხდომაზე მიიღო.
საუბარია იმ ვიდეოკლიპზე, რომელშიც მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" დეპუტატების კოლაჟი, ამავე პარტიის ჰიმნის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფოტოდ გარდაიქმნებოდა.
კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ მხოლოდ "სირცხვილიას" კლიპის გამო არ დაუჯარიმებიათ არხი. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, "მთავარი არხის" ეთერში განთავსდა კიდევ ორი ვიდეორგოლი, რომელთაც კომისია ასე აღწერს:
- ერთ ვიდეორგოლში ნაჩვენებია პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ და თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა -„კლავს“, აღნიშნული სიტყვა წერილობით ისახება ეკრანზე, ვიდეორგოლის ბოლოს კი ისმის მოწოდება: „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“;
- მეორე ვიდეორგოლში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატის, თბილისის მერის მიერ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები და თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა - „კლავს“, ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“.
„მთავარი არხის" გენერალური დირექტორმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ცენზურად შეაფასა.
არხს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ერთი თვე აქვს.
კომუნიკაციების კომისიის შენობასთან 26 ნოემბერს „სირცხვილია"-ს ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
დაწერეთ კომენტარი