Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ბესტაევი მძიმე პაციენტად რჩება - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი ისევ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში რჩება - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და ექიმების შეფასებით, მძიმე. ის დღესაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმმა ქეთევან კუპატაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ არ არის, ის კვლავ მძიმე პაციენტია და ექიმებს უჭირთ იმის პროგნოზი, თუ რამდენ ხანს დარჩება ის კლინიკაში ან როგორ წავა მკურნალობის პროცესი.

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებულ გენადი ბესტაევს, რომელსაც ციხეში ინსულტი განუვითარდა, ქირურგიული ოპერაცია თბილისში ჩაუტარდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაშია.

ბესტაევი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2 წლის წინ უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში გაასამართლეს. ადგილობრივმა რეჟიმმა ბესტაევი საქართველოს ხელისუფლებას 16 ნოემბერს გადასცა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი „შეიწყალა“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი, რომლის სახლი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და ეზოში მავთულხლართია გავლებული, 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. მოგვიანებით მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

უკანონო პატიმრობიდან გენადი ბესტაევის გათავისუფლებას ქართული მხარე უშედეგოდ მოითხოვდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG