Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: გიორგი ვაშაძის, ბატონი დავით აღმაშენებლის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი თავზე ჩამომენგრა


იუსტიციის სახლის სახურავი შეკეთებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. 24 ივნისი, 2020 წ.
იუსტიციის სახლის სახურავი შეკეთებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. 24 ივნისი, 2020 წ.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატ გიორგი ვაშაძის იმ კითხვის პასუხად, რომელიც მისი მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებას შეეხებოდა, ვაშაძე იუსტიციის სახლის უხარისხოდ აშენებაში დაადანაშაულა.

"მართლა საოცრებაა, რომ კულტურის სფეროს დღეს თქვენ წარმოადგენთ საქართველოში", - უთხრა გიორგი ვაშაძემ თეა წულუკიანს.

"2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე. ბატონმა დავით აღმაშენებელმა ეს იუსტიციის სახლი ისე ააშენა, რომ იმ პეტალებში, რომელიც სახურავია, შიგნით აქვს ჰაერი, ჩატოვეს არმატურები. ქარის პირობებში ეს ნაგავი იმხელა ვიბრაციას იწვევდა, რომ სახურავი ჩამოვარდა. ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან გიორგი ვაშაძეს, დეპუტატ სალომე სამადაშვილთან ერთად, მწერალთა კავშირის "დარბევაც" გაახსენა კითხვის პასუხად, რომელიც მწერალთა სახლს და მის მომავალს შეეხებოდა.

"ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც არის დავით აღმაშენებელი, თქვა, თქვენ ხართ უკულტურობის მინისტრი, მწერლების მაკონტროლებელი, შეურაცხყოფები მოდის და შემდეგ არის კითხვა, რას აპირებთ მწერალთა კავშირთან დაკავშირებითო. მინდა, მას შევახსენო და ასევე სალომე სამადაშვილს, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით, რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით?

რა გაცინებთ ქალბატონო სალომე, თქვენ არ გახსოვთ ალბათ, ბრიუსელში იყავით მაშინ და ესპრესოს ჭიქით ხელში ალბათ აკვირდებოდით დიპლომატის მშვიდი სახით, რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და გამიხარდა, რომ გაგაცინეთ.

ესე იგი, ქალბატონო სალომე, 2007 წელი დგას, ხოდა 04:00 საათზე სპეცრაზმი, თქვენი ხელისუფლების დროს შეიჭრა მწერალთა კავშირში, იქიდან გამოყარა მწერლები. არაერთ მათგანს დღესაც აქვს მაშინდელი შოკით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. შემდეგ ამ ხალხს მოუწია დავა სასამართლოში, რომელიც, აბა, გამოიცანით, როგორ დამთავრდა - წააგეს. ნივთები ფანჯრიდან გადმოუყარეს, ამის დაზუსტება დამავიწყდა და, მოკლედ, ეს მწერალთა კავშირი დატოვეს ქუჩაში. შემდეგ ტაშფანდურის თანხლებით შექმნეს ამ შენობაში მწერალთა სახლი, რომელიც დღემდე იმ მწერალთა კავშირისდროინდელ მწერლებს არ უშვებს შენობაში. ეს ხომ რეალობაა და ბატონი გიორგი ვაშაძე მე მეკითხება, მწერალთა კავშირთან დაკავშირებით რას აპირებო. ალბათ, მას უნდოდა, ეკითხა, მე რომ მწერალთა სახლი შევქმენი, იმასთან დაკავშირებით რას აპირებო. თუ ეს იყო შეკითხვა, მწერალთა სახლის ამჟამინდელ შენობას ასევე აქვს პრობლემა და ჩვენ 90 000 ლარამდე უკვე დავხარჯეთ, რომ გამაგრების პროცედურები დაგვეფინანსებინა. ასევე მათ პროექტებს ვაფინანსებთ, არც არავინ ეკითხება, რას აკეთებენ და მგონი, ეს კარგია. თუმცა „ლიტერას“, რომელიც კეზერაშვილის პრემია გახდა, რა თქმა უნდა, სამინისტრო არ დაიბრუნებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG