Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს: სამწუხაროა, რომ ამ 9 წელში ნაგვის გატანის მეტი არაფერი გიკეთებიათ


„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტის სესიაზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კულტურის მინისტრი კულტურას უნდა წარმოადგენდეს, ხოლო თეა წულუკიანის მოსმენისას მან ამის საპირისპირო რამ დაინახა.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გიორგი ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ 9 წლის მანძილზე, რაც „ქართული ოცნება“ და თავად წულუკიანი არის ხელისუფლებაში, პარლამენტში მისვლისას ის ყოველ წელს იხსენებს, როგორ გაიტანა ნაგავი იუსტიციის სახლიდან, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან:

„9 წლის მანძილზე სხვა არაფერი გააკეთა ნაგვის გატანის გარდა. ისე, ჯართი დავუტოვეთ, რომ ჩააბაროს და ბიუჯეტში ფინანსები შეავსოს, ვალებზე ვცხოვრობთ და იმ ჯართით მაინც შეინახონ ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანი, რომელიც „გამოირჩევა სარკაზმით და მწვავე ცინიზმით“, სიძულვილის და ზიზღის ენის სტანდარტს ამკვიდრებს.

„კულტურის მინისტრი რომ მოდის, რაღაც კულტურას უნდა წარმოადგენდეს, უნდა იყოს კულტურის მაგალითი თავისი მოქმედების, საუბრის და ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რასაც ის წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეს საპირისპირო ვნახეთ და ამაზე გული შემტკივა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

3 დეკემბერს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძესთან მიმართებით განაცხადა, „გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი თავზე ჩამომენგრა, იმიტომ, რომ „ბატონმა დავით აღმაშენებელმა“ ისე ააშენა ეს იუსტიციის სახლი, რომ სოკოებს რომ ეძახიან თბილისელები და არა მხოლოდ, სახურავში, ჩატოვეს არმატურები, რამდენიმე ტონა“.

გიორგი ვაშაძის გარდა, თეა წულუკიანი დეპუტატების კითხვებზე პასუხისას ასევე დაუპირისპირდა სალომე სამადაშვილს, ოპოზიციის სხვა წევრებს, ვისაც მის მიმართ კრიტიკული კითხვები ჰქონდათ, მათ შორის, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG