გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია ზუგდიდის მერიასთან ისე დასრულდა, რომ არ შესრულებულა მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, შეხვედროდნენ მერს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის თქმით, აქციის მონაწილეებს მერიაში განუცხადეს, რომ მერი მამუკა წოწერია ადგილზე არ იმყოფება, არის შეხვედრებზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მათთან გასაუბრებას.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით საპროტესტო სტიკერები დააკრეს მერიის წინ, გზის სავალ ნაწილზე და დაიშალნენ.
ახალარჩეული საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბასილაიამ განაცხადა, რომ პროტესტი დროდადრო გაგრძელდება, სანამ “ქართული ოცნება” არ აღიარებს, რომ არჩევნები გააყალბეს.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდში აქცია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ოფისიდან ზუგდიდის მერიამდე მსვლელობით დაიწყო.
ისინი აპროტესტებენ, მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების გამო ზუგდიდის საკრებულოში შექმნილ კრიზისს, რომლის პირველ სხდომაზე საკრებულოს ხელმძღვანელი პირების არჩევა ვერ მოხერხდა.
ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემდეგ, სხდომაზე გადაწყვიტა ზუგდიდის საკრებულოს ბედი, როცა ერთ ოლქში, სადაც “გამარჯვებული ენმ-ის კანდიდატი იყო, შედეგები "ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ შეცვალა”.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეთერთმეტე ოლქის უბნების ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ 12, „გახარია - საქართველოსთვის“ 2 და „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ხმა დაემატა. ხელახლა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომლებშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს. საკრებულოში 22 მანდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, 20-ით -"ქართული ოცნება", ხოლო 3-ით - "გახარია - საქართველოსთვის".
საკრებულომ 3 დეკემბერს პირველ სხდომაზე, კვორუმის არქონის გამო, ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
ოპოზიციის - “ნაციონალური მოძრაობიდან” 22 დეპუტატის და პარტია “საქართველოსთვის” 3 წევრის მიერ საკრებულოს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ, მუნიციპალურ ორგანოში “ქართული ოცნების” 20 დეპუტატი დარჩა. მიუხედავად პროტესტისა, ოპოზიციამ დარბაზის დატოვებამდე ზუგდიდის საკრებულოს ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო.