Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა


საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, მხარდამჭერებმა და მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიასთან შეკრებილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელებმა განაცხადეს, საერთო ეროვნული კონსენსუსის მიღწევა ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე შეუძლებელია, კონსენსუსი კი პოლარიზაციის დასრულების და ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზაა.

„სირცხვილია მესამე პრეზიდენტი ციხეში იყოს გამომწყვდეული იმ ბრალდებებით, რაც მიხეილ სააკაშვილს წაყენებული აქვს და კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, მესამე პრეზიდენტი არ იყოს ქვეყნის მოქალაქე და არ ჰქონდეს პოლიტიკური აქტივობის შესაძლებლობა“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

„სრულად პროპორციული არჩევნებით ხელისუფლებას აღარ ექნება მანიპულირების საშუალება და მაჟორიტარების ხარჯზე ვერ შექმნის უმრავლესობას, როგორც ახლა და რაც საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ნამდვილად არ არის“, – აცხადებს ენმ–ის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბესიკ ბრეგაძე. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ პრინციპით, რომელზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იყო და სრულად პროპორციული წესით პარლამენტის არჩევის შემდეგ, ქვეყანაში და ქალაქში შეიცვლება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური პირობები.

აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდეს, უარი თქვან ბიძინა ივანიშვილის სამსახურში ყოფნაზე და ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.

ენმ–ის წევრები თვლიან, რომ მშვიდობიანი და პერმანენტული აქციებით აიძულებენ ხელისუფლებას დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, სადაც ის საპროტესტო შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. ის წერს, რომ დეკემბერში ძალიან დიდი აქციისთვის ემზადებიან.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები პერმანენტულად იმართება.

8 დეკემბერს თბილისში აქცია გაიმართა პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის ორგანიზატორები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და მის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვდნენ. საქართველოს პრეზიდენტი აქციის ორგანიზატორებს არ შეხვდა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG